Saturday, 31 March 2012

გაერო წარმატებისა და წარუმატებლობის მიჯნაზე


      თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში, რომელშიც ადამიანთაშორისო ურთიერთობები უმეტესწილად თანასწორობისა და თანამეგობრობის, ურთიერთდათმობისა და ურთიერთგაგების საფუძველზე უნდა ვითარდებოდეს, მთავარ საზრუნავად მაინც გამორჩენის, ბატონობისა და ძალაუფლებისკენ სწრაფვა რჩება.
     სახელმწიფო ხშირად იარაღია კონკრეტულ ადამიანთა ხელში მსგავსი ნება-სურვილისა და მისწრაფებების განსახორციელებლად.თუნდაც ეს მეორე სახელმწიფოს ჩაგვრას თუ განადგურებას ისახავდეს მიზნად. მაშინ, როცა საუბარია ადამიანთა მისწრაფებებზე, თანამედროვეობის შესაბამის თანამშრომლობასა და ურთიერთგაგებაზე საუბარიც კი ზედმეტია.
      მე-20 საუკუნოს პირველ ნახევარში, როცა მსოფლიო ომის ქარ-ცეცხლში იყო გახვეული, განსაკუთრებით მწვავედ დადგა მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი, რისი შედეგიც გახლდათ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩამოყალიბება.
      სრულიად ნორმალურია, ვიფიქროთ, რომ ორგანიზაციამ თავის ფუნქციებს საუკეთესოდ გაართვა თავი. ბოლოს და ბოლოს მსოფლიო მასშტაბის ომებს ადგილი არ ჰქონია. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ლოკალურ დაპირისპირებებზე, რისი მაგალითიც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიაა. გაერომ ვერ შეძლო და ხელი ვერ შეუშალა საზარელ და ამავდროულად სამარცხვინო ფაქტს.
     ამ მაგალითზე დაყრდნობით ძალიან კარგად ჩანს, რომ გაერო მხოლოდ იმიტომ ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებას, რომ წევრ სახელმწიფოებს სურთ ასე. თუკი რომელიმე მათგანი, მით უმეტეს თუ ის უშიშროების საბჭოს წევრია, გადაწყვეტს, რომ მასზე პატარა და სუსტ სახელმწიფოს ზიანი მიაყენოს, ამაში ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის. რაც იმაზე მეტყველებს, რომ გაეროში მიღებული გადაწყვეტილებები ბოლომდე არ არის თავისუფალი კერძო ინტერესებისაგან.
     ეს კი ყველაზე დიდ პრობლემას უფრო და უფრო მკაფიოს ხდის. ძლიერი და სუსტი, დიდი და პატარა სახელმწიფოები ისევ არათანაბარ პირობებში არიან, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს წესდება, თითოეული სახელმწიფოს თანასწორობას ქადაგებს. ის ფაქტი, რომ ხუთ წევრ სახელმწიფოს ვეტოს უფლება აქვს, გარკვეული თვალსაზრისით, შეიძლებოდა ამ პრინციპის დარღვევად არ განგვეხილა, თუკი ეს პრივილეგია მათი, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ყველაზე ძლიერი აქტორების მიერ, გამოყენებული იქნებოდა არა პოლიტიკური ბრძოლის და ქიშპის იარაღად, არამედ რეალური საქმის საკეთებლად, იმისთვის, რაც ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბების საფუძველი გახლდათ.
     მეორე მხრივ, გაერო, წარმატებით იყენებს ძალაუფლებას. ლიბიისა და კოტ-დივუარის შემთხვევებიც ამას მოწმობს. ორივე ქვეყანასთან დაკავშირებული რეზოლუციები საოცარი სისწრაფით იქნა მიღებული, თუმცა, მაგალითად, ლიბიაში სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ შეთანხმება ვერ მოხერხდა. რეზოლუციაში არსებული ტერმინი „ნებისმიერი“ სახელმწიფოების მიერ სხვადასხვაგვარად  იქნა ინტერპრეტირებული. მაგალითად, რუსეთი არ იზიარებდა მოსაზრებას, რომ ეს სიტყვა სამხედრო ძალის გამოყენებასაც გულისხმობდა.
     საერთოდ, არც ერთ სახელმწიფო არ აქვს უფლება, ჩაერიოს მეორე სახელმწიფოს საშინაო საქმეებში. ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, მაგრამ როცა საქმე ადამიანთა სიცოცხლეს და უსაფრთხოებას ეხება, სხვა ყველაფერი უკანა პლანზე ინაცვლებს. მით უმეტეს, გაერო ვერ დაუშვებდა ლიბიაში უდანაშაულო ადამიანების უსამართლო ხოცვა-ჟლეტას, როცა იგი ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით აქტიურად მუშაობს და ამ საკითხზე შექმნილი პირველი დოკუმენტიც, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ სახით, მას ეკუთვნის.
     რა თქმა უნდა ვეტოს უფლება ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი უფლებაა პირადი შეხედულებების დასაფიქსირებლად. იგი საკმაოდ მიზანშეწონილია, როცა ესა თუ ის სახელმწიფო უარს ამბობს ძალისმიერი ჩარევით გადაიჭრას არსებული პრობლემები, თუმცა საოცრად გამაღიზიანებელია მაშინ, როცა სახელმწიფოები ამ უფლებას პირადი გამორჩენისთვის იყენებენ და მხოლოდ ამის გამო ხშირად გადაუჭრელი დარჩენილა მრავალი საჭირბოროტო საკითხი.
    გაეროში შემავალ ყველა სახელმწიფოს თუ ვეტოს უფლებას მივანიჭებთ თანასწორობის დასაცავად, ვფიქრობ, პრობლემა პრობლემადვე დარჩება, უფრო მეტ ქაოსს და გაურკვევლობას გამოიწვევს და სახელმწიფოთა დაპირისპირების და შეუთანხმებლობის რისკს გაზრდის. საპირისპიროდ, ვეტოს უფლების ჩამორთმევა გაცილებით მომგებიანი იქნება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. მართალია, ეს რთულად მისაღები იქნება, როგორც უშიშროების საბჭოს წევრებისთვის, ასევე ბრაზილიისა და ინდოეთისათვის, რომლებიც მომავალში საბჭოს წევრობას უმიზნებენ, თუ, რა თქმა უნდა, საბჭოს წევრთა რაოდენობა გაიზრდება, მაგრამ ეს პრობლემა მოგვარებადია იმდენად, რამდენადაც დანარჩენი 190-მდე სახელმწიფო თანასწორობის ნამდვილ მნიშვნელობას საკუთარ თავზე გამოცდის. და როცა არავინ იქნება პრივილეგირებული, როცა არავის ექნება აკრძალვის უფლება, როცა აშკარა გახდება, რომ რომელიმე მათგანი მეტი ტერიტორიისა თუ სიმდიდრის გამო ვერ იბატონებს შედარებით სუსტზე, ორგანიზაციის მუშაობა გაცილებით ეფექტური და სამართლიანი გახდება.
      მაგრამ ყოველგვარი გადაწყვეტილება აზრს იქნება მოკლებული თუ მას რეალური ნაბიჯები არ მოჰყვება. ეს განსაზღვრავს პირველ რიგში ორგანიზაციის პრესტიჟს, ნდობას მის მიმართ მსოფლიო საზოგადოების მხრიდან და სასურველი შედეგის მიღებასაც.

Saturday, 24 March 2012

ჩერჩილი უინსტონ ლეონარდ სპენსერ

     ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი და მწერალი; ბრიტანეთის 61-ე და 63-ე პრემიერ-მინისტრი (1940-1945 და 1951-1955); შინაგან საქმეთა მინისტრი (1910-1911); საადმირალოს პირველი ლორდი (1911-1915 და 1939); შეიარაღების მინისტრი (1917-1919); სამხედრო და ავიაციის მინისტრი (1919-1921); კოლონიის საქმეთა მინისტრი (1921); ხაზინის კანცლერი (1924-1929); ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1953).
   საინტერესოა, რას ფიქრობდნენ მასზე მისივე თანამედროვენი:

   არტურ შლესინგერს თეოდორ რუზვლეტის ქალიშვილისთვის უკითხავს, მამათქვენს ჩერჩილი ასე რატომ სძულდაო. "ალბათ იმიტომ, რომ ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ",- უპასუხა მისის ლონგვორთმა.

    "უინსტონს პირველივე ნახვაზე ყველა ნაკლოვანებას შეამჩნევდით და მერე მთელ ცხოვრებას მისი ღირსებების აღმოჩენას მოანდომებდით",- აღნიშნავს მის პამელა პლოუდენი, შემდგომში ლედი ლინტონი.

    ვაიოლეტ ასქვითი იხსენებს, რომ როცა მან მამას ახარა, დღეს პირველად შევხვდი გენიოსსო, ასქვითმა ჰერბერტ ჰენრიმ მხიარულად მიუგო: "ჰო, უინსტონი მართლაც დაგეთანხმებოდა, მაგრამ, არა მგონია, შენ გარდა ასე კიდევ ვინმე ფიქრობდეს. თუმცა, ზუსტად ვხვდები, რასაც გულისხმობ, ის არა მარტო გამორჩეული ვინმეა, არამედ რაღაც თვალსაზრისით - შეუდარებელიც კი".
     
      1944 წელს ალან ბრუკმა ჩერჩილის შესახებ დაწერა: "ის რომ არ გვყოლოდა, ღმერთმა უწყის, სად ვიქნებოდით, მაგრამ ისიც მარტო ღმერთმა უწყის, საით მივყავართ!" იმდღევანდელი ჩანაწერი კი ასე დაასრულა: "მადლობელი ვარ ღმერთო, რომ შესაძლებლობა მომეცი, ასეთ ადამიანთან ერთად მემუშავა".

     დედოფალმა ელისაბედ II-მ გაიხსენა: "ბევრისთვის ბინძურ კომერციულ მდინარეს ჩერჩილმა ბრიტანეთის ისტორიაზე გამავალი ვერცხლის ძაფი უწოდა".

     ჩერჩილს 1954 წლის მარტში ბათლერთან ერთად სადილობისას უთქვამს: "ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს თვითმფრინავი ვიყო, რომელსაც საწვავი გაუთავდა და ღამის ბინდში უსაფრთხოდ დაშვებისთვის საიმედო ადგილს ეძებს. მხოლოდ პოლიტიკური ინტერესები მაკავებს... თორემ ნამდვილად სიხარულით გადავდგებოდი..."

     ისეთივე დიადი, სულიერად დაუმარცხებელი, მუდამ მებრძოლი და მეამბოხე, თუმცა კი გარეგნულად მშვიდი და გაწონასწორებული იყო თავადაც, როგორც დიდი სფინქსი, განცალკევებით მდგომი ეგვიპტის იდუმალ უდაბნოებში, რომლის შესახებაც უინსტონს უთქვამს: "არაფერიც არ გვითხრა. ისევ და ისევ იდუმალებით მოცული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე".  
        და განა მისი სიტყვების უბადლოება, სიმართლე და გულწრფელობა დააფასეს?!
         
        

ცოტა რამ კუმირის შესახებ

     ალბათ, ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც არ ჰყავს კუმირი, ანუ ის, ვინც მისთვის მისაბაძია. პიროვნება, ვის შესახებაც მინდა მოგითხროთ, ჩემთვის მაგალითის მომცემი სულაც არ გახლავთ, თუმცა კი უკვე დიდი ხანია  გატაცებული ვარ მისით.
     საერთოდ კი ვფიქრობ, რომ არავის გაღმერთება და კერპად ქცევა არ არის მიზანშეწონილი. სჯობს, არ ეცადო, ვინმეს მსგავსი გახდე, პირიქით, საკუთარ თავში ეძებე მაგალითი.

      სერხიო რამოსი მადრიდის "რეალში" 2005 წელს გადმოვიდა და მას შემდეგ ძირითადის უცვლელ წევრად იქცა. იგი და "ბლანკოსი" განუყოფელია. განვლილი წლების განმავლობაში მას უდიდესი წვლილი მიუძღვის "ბლანკოსის" თითქმის ყველა მოგებულ მატჩში. დღესდღეობით სერხიო "რეალის" ვიცე-კაპიტანია. ეს მას შემდეგ მოხდა,რაც რაულმა და გუტიმ კლუბი დატოვეს. თუმცა ახლაც დავა მიმდინარეობს იმის შესახებ თუ ვინ უფრო გამოადგებოდა კლუბს როგორც კაპიტანი: იკერ კასილასი თუ სერხიო რამოსი.

       სრული სახელი: სერხიო რამოს გარსია

       დაბადების თარიღი: 1986 წლის 30 მარტი

       დაბადების ადგილი: კამასი (ესპანეთი)

       სიმაღლე: 183სმ

       წონა: 73კგ

       სათამაშო პოზიცია: მცველი

       ამჟამინდელი კლუბი: მადრიდის "რეალი"

       მაისურის ნომერი: 4

       ადრეული კარიერა: "სევილია"

       სერხიო რამოსი დაიბადა 1986 წლის 30 მარტს ანდალუზიის პროვინციის პატარა ქალაქ კამასში, რომელიც სევილიის მეტროპოლიტენში შედის. 1996 წელს 10 წლის ასაკში სერხიო ხესუს ნავასთან ერთად შეიყვანეს "სევილიის" საფეხბურთო აკადემიაში, სადაც იგი 2003 წლამდე სწავლობდა ფეხბურთის ანბანს. 2003 წელს იგი "სევილია ბ-ში" გადაიყავანეს და სულ რამოდენიმე ხანში კი ანდალუზიური გრანდის რიგებშიც ჩაირიცხა. მისი დებიუტი "რამონ სანჩეს პის ხუანზე" შედგა 2004 წლის პირველ თებერვალს "დეპორტივოს" წინააღმდეგ. იგი მეორე ტაიმში გამოვიდა მოედანზე. ის მატჩი "სევილიამ" 0-1 წააგო.

     რამოსმა მხოლოდ 1 სეზონი გაატარა "სევილიაში", მაგრამ ამ მცირე ხანში 37 მატჩში 2 გოლი გაიტანა და იმდენი მოახერხა,რომ ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო. მაგრამ ყველას სამეფო კლუბმა აჯობა და ანდალუზიელი ფეხბურთელიც სწორედ აქ გადმოვიდა. 2005 წლის ზაფხულში მან კონტრაქტი გააფორმა "ბლანკოსთან".სერხიო ესპანეთში ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელია. 19 წლის რამოსში 27 მილიონი გადაიხადეს. აღსანიშნავია,რომ სერხიო ერთადერთი ესპანელი ფეხბურთელია,რომელიც ფლორენტინო პერესმა შეიძინა თავისი პირველი პრეზიდენტობის პერიოდში.

       რამოსს "რეალში" 4 ნომრიანი მაისური მისცეს. მანამდე იგი "ბლანკოსის" ლეგენდარულ მცველ ფერნანდო იეროს ეკუთვნოდა. სერხიო ამ მაისურის ღირსეული მფლობელია, იგი იეროს გზას ადგას და გავა წლები და ისიც მადრიდის "რეალის" ლეგენდა გახდება.

       2005 წლის 6 დეკემბერს სერხიო რამოსმა პირველად გაიტანა გოლი თეთრი მაისურით. ეს მან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში მოახერხა "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ. მაშინ "ბლანკოსი" ბერძნებთან 2-3 დამარცხდნენ. პირველი სეზონის განმავლობაში სერხიო ცენტრალურ მცველად თამაშობდა. ხოლო მას შემდეგ,რაც "რეალში" პეპე და მეტცელდერი მოვიდა, მას მარჯვენა ფლანგზე მოუწია გადანაცვლება, რაც ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. მან 4 სეზონის განმავლობაში 20-ზე მეტი გოლი გაიტანა, რაც მცველისთვის, მითუმეტეს თუ ის "რეალში" თამაშობს, ძალიან კარგი შედეგია.

       რამოსის "რეალში" თამაშის დროს, "ბლანკოსმა" ორჯერ მოახერხა "ლა ლიგის" მოგება. სწორედ ამ ორ სეზონში ითამაშა მან საოცრად. სერხიოს უდიდესი წვლილი მიუძღვის გუნდის გაჩემპიონებაში რაც იმაში გამოიხატება,რომ სერხიომ ამ ორ სეზონში უამრავი საგოლე გადაცემა გააკეთა და საერთო ჯამში 20-მდე გოლიც გაიტანა. ეს რა თქმა უნდა გუნდს ძალიან კარგად გამოადგა. რამოსი მომდევნო სეზონშიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო "მერენგების" რიგებში. იგი კვლავ ნაყოფიერად მოქმედებდა როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმის ხაზში.

       2008 წელის ფანტასტიური იყო რამოსისთვის. ფიფამაც და უეფამაც სერხიო წლის საუკეთესო გუნდში მარჯვენა მცველად განაწესა. ასევე ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის 21-ე ადგილზე გავიდა.

       2009-2010 წლების სეზონში პეპემ მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც სერხიოს დაცვის ცენტრში მოუხდა თამაში, რამაც ის გამოიწვია,რომ იგი შეტევებში იშვიათად ერთვოდა და შესაბამისად გოლებიც ნაკლებად გაჰქონდა. მან 33 მატჩი ჩაატარა ცენტრალური მცველის ამპლუაში ამ სეზონის განმავლობაში. 2010 წლის 21 თებერვალს რამოსმა 200-ე ოფიციალური მატჩი ჩაატარა "რეალის" მასიურით. მაშინ "ბლანკოსი" "ვილეარეალს" დაუპირისპირდა "ბერნაბეუზე" და დიდი ანგარიშით - 6-2 მოუგო.

       რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, 2005 წლამდე რამოსი ესპანეთის ნაკრების ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა. საერთო ჯამში მან 13 მატჩი ჩაატარა. სამწუხაროდ მას გოლი არ გაუტანია. 2005 წლის 26 მარტს შედგა მისი დებიუტი "ფურია როხას" შემადგენლობაში ამხანაგურ მატჩში ჩინეთთან,რომელიც ესპანელებმა 3-0 მოიგეს. მაშინ სერხიო 18 წლის 11 თვის და 361 დღის იყო.იმ დროისთვის ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო ბოლო 55 წლის მანძილზე,რომელსაც უთამაშია "ფურია როხას" შემადგენლობაში. მას სულ რამოდენიმე დღით აჯობა ცესკ ფაბრეგასს.

       ამ მატჩიდან ზუსტად 7 თვის შემდეგ მან პირველი გოლი გაიტანა ეროვნული ნაკრების მაისურით სან მარინოს წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიპიკაციო ეტაპზე.ის მატჩი "ფურია როხამ" 6-0 მოიგო. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე სერხიოს უდიდესი წვლილი მიუძღვის ესპანეთის ნაკრების გაჩემპიონობაში. მან 2 გოლის გატანა მოახერხა და რამოდენიმე საგოლე პასიც მიითვალა. 11-ივე შეხვედრაში მან ძირითადიდან დაიწყო თამაში.

       2010 წლის მუნდიალი რამოსმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და მსგავსად ევროპის ჩემპიონატისა აქაც დიდი წვლილი შეიტანა "ფურია როხას" გაჩემპიონებაში. მიუხედავად იმისა,რომ მას გოლი არ გაუტანია, ის მაინც ერთ-ერთი საუკეთესო იყო ესპნაელთა შემადგენლობაში. მუნდიალის დასრულების შემდეგ რამოსის თამაში 10-ქულიან სისტემაში 9.79-ით შეფასდა, რაც საუკეთესო შედეგია. ესპანეთის ნაკრების მაისურუთ რამოსს 72 მატჩის აქვს ნათამაშები და 5 გოლიც აქვს გატანილი.

       2007 წლის აგვისტოში სერხიოსთვის ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. მისი ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარი,ანტონიო პუერტა მოულოდნელად გარდაიცვალა. ისინი ხესუს ნავასთან ერთად მივიდნენ "სევილიის" ახალგაზრდულ გუნდში და 2005 წლამდე თითქმის ყოველდღე უწევდათ ერთმანეთის ნახვა, რამაც ისინი ძალიან დაახლოვა. პუერტას სიკვდილმა რამოსზე დიდი ზემოქმედება გამოიწვია. იგი ფორმიდანაც ამოვარდა ერთი პერიოდი. თითქმის ერთი წლის განმავლობაში მას "რეალის" მაისურის შიგნით მაისური ეცვა,რომელზეც პუერტას ფოტო იყო გამოსახული. იგი დღემდე გატანილი გოლის შემდეგ ცაში ხელებს იშვერს და ყოველ გატანილ გოლს მეგობრის ხსოვნას უძღვნის.



                         ტიტულები:

       "ლა ლიგა" - 2006-2007, 2007-2008

       ესპანეთის სუპერთასი - 2008

       მსოფილო ჩემპიონატი - 2010

       ევროპის ჩემპიონატი - 2008

       ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატი - 2004

       კონფედერაციის თასი - 2009 (მესამე ადგილი)





                          პირადი ტიტულები:

       უეფას საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - 2004-2005

       უეფას სეზონის საუკეთესო მცველი - 2005-2006

       წლის აღმოჩენა (დონ ბალონის ჯილდო) - 2005

       ESM-ის სეზონის გუნდის მარჯვენა მცველი - 2007-2008

       ფიფას სეზონის გუნდის მარჯვენა მცველი - 2007-2008

       უეფას წლის გუნდის მარჯვენა მცველი - 2008

       ფიფას წლის გუნდის მარჯვენა მცველი - 2008

       ანტონიო პუერტას ჯილდო - 2008

       Móstoles Sports Elite-ს ჯილდო - 2010

       2010 წლის მუნდიალის ოლსტარის გუნდის მარჯვენა მცველი


       უნდა დამეთანხმოთ,რომ მადრიდის "რეალს" მართლაც რომ ნამდვილი მადრიდისტა ჰყავს შემადგენლობაში. გავა წლები და სერხიო რამოს გარსიას მოვიხსენიებთ ისეთი ლეგენდების გვერდზე,როგორიცაა რაული, გუტი, რედონდო, იერო, ზიდანი, რონალდო და ა.შ.

Friday, 23 March 2012

კარდინალი რიშელიეს რამდენიმე გამონათქვამი

      "ძნელი არ არის შეინარჩუნო პატიოსნება, დარჩე მოკრძალებული და გულწრფელი ჩვეულებრივ ადამიანთა შორის, მაგრამ როგორ გინდა, ასე მოიქცე ავხორცობისა და სიბოროტის ზეობისას, როცა ეთაყვანებიან და პატივს მიაგებენ მას, ვინც ერთგულება ყველაზე ძვირად გაყიდა? იყიდო სახელი, აქეთ-იქით დაარიგო თანამდებობა და ფული_არცთუ ცუდია სიმშვიდის მოსაპოვებლად, მაგრამ ეს იგივეა, ავადმყოფობა წამლებით გაამწვავო".

       "დიდება ნემსს მოგვაგონებს, რომელიც კეთილმოსურნეებს მტკივნეულად ჩხვლეტს".

       "თუ დიდების გზაზე წინსვლასა და გამარჯვებას არ გააგრძელებთ, ეს დამარცხებას უდრის".

       "წყენა ადამიანის გულში უფრო ღრმად რჩება, ვიდრე მადლიერება; სამაგიეროს გადახდის სურვილი უფრო დიდია, ვიდრე აღიარება, რადგან მეორე შემთხვევაში სხვას ანიჭებ სიამოვნებას, პირველში_საკუთარ თავს".

       "როგორც წესი, ყველაზე უღირსნი საოცარი პატივმოყვარეობით გამოირჩევიან და რადგან კეთილშობილების ნატამალი არ გააჩნიათ, უფრო მეტის მოპოვებას ცდილობენ".

       "როგორც ყოველთვის, ის, ვინც მეფეს (სახელმწიფოს მეთაურს_ჩემი შენიშვნა) უყვარს, არ უყვართ ქვეშევრდომებს".