Saturday, 24 March 2012

ჩერჩილი უინსტონ ლეონარდ სპენსერ

     ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი და მწერალი; ბრიტანეთის 61-ე და 63-ე პრემიერ-მინისტრი (1940-1945 და 1951-1955); შინაგან საქმეთა მინისტრი (1910-1911); საადმირალოს პირველი ლორდი (1911-1915 და 1939); შეიარაღების მინისტრი (1917-1919); სამხედრო და ავიაციის მინისტრი (1919-1921); კოლონიის საქმეთა მინისტრი (1921); ხაზინის კანცლერი (1924-1929); ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1953).
   საინტერესოა, რას ფიქრობდნენ მასზე მისივე თანამედროვენი:

   არტურ შლესინგერს თეოდორ რუზვლეტის ქალიშვილისთვის უკითხავს, მამათქვენს ჩერჩილი ასე რატომ სძულდაო. "ალბათ იმიტომ, რომ ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ",- უპასუხა მისის ლონგვორთმა.

    "უინსტონს პირველივე ნახვაზე ყველა ნაკლოვანებას შეამჩნევდით და მერე მთელ ცხოვრებას მისი ღირსებების აღმოჩენას მოანდომებდით",- აღნიშნავს მის პამელა პლოუდენი, შემდგომში ლედი ლინტონი.

    ვაიოლეტ ასქვითი იხსენებს, რომ როცა მან მამას ახარა, დღეს პირველად შევხვდი გენიოსსო, ასქვითმა ჰერბერტ ჰენრიმ მხიარულად მიუგო: "ჰო, უინსტონი მართლაც დაგეთანხმებოდა, მაგრამ, არა მგონია, შენ გარდა ასე კიდევ ვინმე ფიქრობდეს. თუმცა, ზუსტად ვხვდები, რასაც გულისხმობ, ის არა მარტო გამორჩეული ვინმეა, არამედ რაღაც თვალსაზრისით - შეუდარებელიც კი".
     
      1944 წელს ალან ბრუკმა ჩერჩილის შესახებ დაწერა: "ის რომ არ გვყოლოდა, ღმერთმა უწყის, სად ვიქნებოდით, მაგრამ ისიც მარტო ღმერთმა უწყის, საით მივყავართ!" იმდღევანდელი ჩანაწერი კი ასე დაასრულა: "მადლობელი ვარ ღმერთო, რომ შესაძლებლობა მომეცი, ასეთ ადამიანთან ერთად მემუშავა".

     დედოფალმა ელისაბედ II-მ გაიხსენა: "ბევრისთვის ბინძურ კომერციულ მდინარეს ჩერჩილმა ბრიტანეთის ისტორიაზე გამავალი ვერცხლის ძაფი უწოდა".

     ჩერჩილს 1954 წლის მარტში ბათლერთან ერთად სადილობისას უთქვამს: "ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს თვითმფრინავი ვიყო, რომელსაც საწვავი გაუთავდა და ღამის ბინდში უსაფრთხოდ დაშვებისთვის საიმედო ადგილს ეძებს. მხოლოდ პოლიტიკური ინტერესები მაკავებს... თორემ ნამდვილად სიხარულით გადავდგებოდი..."

     ისეთივე დიადი, სულიერად დაუმარცხებელი, მუდამ მებრძოლი და მეამბოხე, თუმცა კი გარეგნულად მშვიდი და გაწონასწორებული იყო თავადაც, როგორც დიდი სფინქსი, განცალკევებით მდგომი ეგვიპტის იდუმალ უდაბნოებში, რომლის შესახებაც უინსტონს უთქვამს: "არაფერიც არ გვითხრა. ისევ და ისევ იდუმალებით მოცული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე".  
        და განა მისი სიტყვების უბადლოება, სიმართლე და გულწრფელობა დააფასეს?!
         
        

No comments:

Post a Comment