Sunday, 26 August 2012

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი და მიზეზები


ანოტაცია
კვლევის პროექტი ეხება ისრაელ-პალესტინის დაუსრულებელ დაპირისპირებას, რომელიც ჯერ კიდევ ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან იღებს სათავეს. დღესდღეობით  ღაზას სექტორი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია. მთავარი საკვლევი კითხვაა: რა ძირითადი მიზეზები განაპირობებს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს? შემუშავებულია ოთხი ჰიპოთეზა, რომელთაგან ძირითადია შემდეგი: ტერიტორია ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია, რომლის გამოც ისრაელისა და პალესტინის დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს. კვლევა ასევე მიზნად ისახავს შემდეგი მოსაზრებების შემოწმებას: კონფლიქტს განაპირობებს ისტორიული წარსული; პალესტინელი ხალხის პატრიოტული სულისკვეთება უმთავრესი ფაქტორია დაპირისპირების პირობებში; და ისრაელ-პალესტინის ომები, როგორც ებრაულ-მუსლიმანური კონფლიქტი, რელიგიურ ნიადაგზე ხორციელდება.
კვლევის პროცესში უნდა ჩატარდეს: პირისპირ ინტერვიუები მმართველი წრეების წარმომადგენლებთან და რელიგიურ ლიდერებთან, ებრაელ და პალესტინელ ექსპერტებთან, ფრანგ, ბრიტანელ, რუს და ამერიკელ პოლიტიკოსებთან, ვინაიდან ეს მხარეები უშუალოდ არიან ჩართული კონფლიქტის მოგვარების პროცესში; ფოკუს-ჯგუფები ოფიციალურ პირებთან, სასულიერო წოდების წარმომადგენლებთან და საზოგადოების წევრებთან. აუცილებელია მოსახლეობის ასაკოვანი და ახალგაზრდა წრეების შეხედულებათა შედარება. საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი ის დოკუმენტები, რომელთა საფუძველზე შეიქმნა ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოები. საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ევროკავშირი) დამოკიდებულებების გასარკვევად საჭიროა კონტენტ-ანალიზის ჩატარება ჯურნალ-გაზეთებსა თუ იმ ოფიციალურ დადგენილებებზე, შეთანხმებებზე, რეზოლუციებზე, რომლებიც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს უკავშირდება.
ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე შესაძლებელი გახდება ჰიპოთეზების ვერიფიკაცია ან ფალსიფიკაცია.


სარჩევი
შესავალი...................................................................................................................................4
            საკვლევი კითხვები და მიმართულებები..........................................................................4
            ლიტერატურული მიმოხილვა-„ბალფურის დეკლარაცია“ და „ორი სახელმწიფოს“   გეგმა.......................................................................................................................................................5
            სწრაფვა მშვიდობისკენ-კემპ-დევიდის შეთანხმებები....................................................7
            ისლამური ფუნდამენტალიზმი და მართმადიდებლური შემწყნარებლობა.............8
            გზა კონფლიქტის დასასრულისკენ.....................................................................................9
            მეთოდოლოგია......................................................................................................................10
            კვლევის განხორციელების ეტაპები და საჭირო რესურსები........................................12
            დასკვნა....................................................................................................................................14
            გამოყენებული ლიტერატურა............................................................................................15


შესავალი
ძველი ქართული საისტორიო მწერლობა ებრაელთა საქართველოში შემოსვლას ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებას უკავშირებს. ებრაელების მეორე ტალღა ახ. წ. აღ. I საუკუნეში კეისარ ვესპასიანეს მიერ იერუსალიმის დარბევის შემდეგ გამოჩნდა. ისტორიულ წყაროზე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ებრაელები ძვ. წ.აღ. 169 წელსაც შემოსულან ბაკოხბას აჯანყების შემდეგ. ამის შემდეგ სხვადასხვა დროს ებრაელები გადმოდიან ბიზანტიიდან, ხაზარეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან და ერაყიდან, ევროპიდან.[1]
ებრაელების შემოდინება არაერთ ქვეყანაში მიმდინარეობდა. უსამშობლოდ და უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს მრავალი ტანჯვისა და ჩაგვრის ატანა უხდებოდათ. გერმანელი ფაშისტების მიერ ებრაელთა მასობრივი გენოციდი, რომელიც ჰოლოკოსტის სახელითაა ცნობილი და რომელსაც მილიონობით ებრაელი შეეწირა, ყველაზე დიდი დანაშაულია კაცობრიობის წინაშე.
დაქსაქსული ხალხის ისტორიულ სამშობლოში თავმოყრისა და გაერთიანების იდეამ სიონიზმის სახით იჩინა თავი. 1897 წელს ბაზელში გამართულ პირველ მსოფლიო სიონისტურ კონგრესზე ამ იდეის დეკლარირება მოხდა „ბაზელის გეგმის“ სახელით. აქედან იწყება ებრაელი ერის თავდაუზოგავი ბრძოლა დამოუკიდებლობის მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის.



[1] ზაირა დავარაშვილი და თამილა ცაგარეიშვილი, „ებრაელები“, ეთნოსები     საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000725/00-Tituli.pdf, (მოპოვებულია თებერვალი 11, 2012).



საკვლევი კითხვები და მიმართულებები
წინამდებარე ნაშრომის ძირითადი მიზანია იმ მიზეზების გარკვევა, რომლებიც ისრაელ-პალესტინის მრავალწლიან დაპირისპირებას განაპირობებს. კვლევამ უნდა გამოავლინოს რელიგიური, ტერიტორიული, პატრიოტული თუ ისტორიული ფაქტორების მნიშვნელობა დაპირისპირების ესკალაციასა და გაგრძელებაში. შესაძლებელია, რომ სხვა სავარაუდო მიზეზებიც ამოტივტივდეს.
მნიშვნელოვანია ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში გარკვეული ტენდენციების
დადგენა როგორც ერთმანეთთან, ისე მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებთან, სავარაუდოდ რომ განისაზღვროს სამომავლო პერსპექტივები და პალესტინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს სრულად აღიარების საკითხი.


ლიტერატურული მიმოხილვა-„ბალფურის დეკლარაცია
და    „ორი სახელმწიფოს“ გეგმა
1917 წელს გამოქვეყნდა „ბალფურის დეკლარაცია“, რომლითაც ბრიტანეთი მხარს უჭერდა პალესტინაში „ებრაელი ხალხისთვის ეროვნული კერის“ ჩამოყალიბებას. მოლაპარაკებები ებრაელთა ლეგალურად დასახლების შესახებ ამ ტერიტორიაზე იმავე წელს დაიწყო ბრიტანეთის მთავრობასა და სიონისტურ ფედერაცის შორის. საფრანგეთის მთავრობამაც მხარი დაუჭირა ებრაელთა ამ მისწრაფებას. თუმცა საყურადღებოა ამ ორი ქვეყნის მიერ შემუშავებული მხარდაჭერის გამომხატველი დოკუმენტების ბუნდოვანება, განსაკუთრებით გეოგრაფიული თვალსაზრისით. არ ზუსტდებოდა მიწა, სადაც უნდა ეცხოვრა ებრაელ ერს. ანალოგიური დეკლარაცია გამოაქვეყნა გერმანიის მთავრობამაც.[1]
            ამ დოკუმენტებს თითოეული სახელმწიფო საკუთარი სარგებლობისთვის აქვეყნებდა. ყურადღება გადატანილი იყო არა ებრაელი ხალხის რეალურ დახმარებაზე, არამედ გეოპოლიტიკური მიზნების განხორციელებაზე. საფიქრებელია, რომ სწორედ აქედან განვითარდა მთელი ის დავიდარაბა, რომელიც მრავალი წელია გრძელდება.
            საყურადღებოა ის ფაქტი, რომ „ბალფურის დეკლარაცია“ თავის დროზე არ ცნეს არაბული ქვეყნების მთავრობებმა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბევინს უთქვამს, რომ ის იყო ბრიტანული საგარეო პოლიტიკის უდიდესი შეცდომა მეოცე საუკუნეში. ზოგიერთი არაბი მოღვაწე იმასაც აღნიშნავდა, რომ „ბალფურმა მისცა მიწა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, ხალხს, რომელსაც მასზე უფლება არ ჰქონია“. ხომ არ იძლევა ეს სიტყვები იმის საფუძველს, რომ გარდა ტერიტორიული დავისა აქ კიდევ უფრო ღრმა რელიგიური შუღლი არსებობდა და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს  ებრაულ-ისლამური კონფლიქტი უფრო შეიძლება ეწოდოს?[2]
            1922 წელს „ბალფურის დეკლარაცია“ აისახა ერთა ლიგის მიერ რატიფიცირებულ დოკუმენტში, რომლის ძალითაც პალესტინის მართვის მანდატი გადაეცა დიდ ბრიტანეთს.
            1947 წელს გაეროს  რეზოლუციით პალესტინა გაიყო ებრაულ და არაბულ სახელმწიფოებად (ტერიტორიული შეფარდებით: 14 000 კვადრატ.კმ. ანუ 56.5%-ებრაელებს, 11 000 კვადრატ.კმ. ანუ 43.5%-არაბებს). იერუსალიმი გამოცხადდა საერთაშორისო კონტროლქვეშ მყოფ ქალაქად. მოსახლეობის სიჭრელის გამო ორივე სახელმწიფოში უნდა ყოფილიყო ებრაული და არაბული ანკლავები.[3]
            უკმაყოფილებამ მალე იჩინა თავი. არაბები მოსახლეობის 2/3-ს შეადგენდნენ და ტერიტორიის ნახევარზე ნაკლებს იღებდნენ. აქედან გამომდინარე, არ იყო გასაკვირი, როცა არაბულმა ლიგამ დაიწყო არაბი მოქალაქეების შეგროვება პალესტინაში გასაგზავნად.
            1948 წლის 14 მაისს ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც მეზობელ სახელმწიფოებთან ომის დაწყება მოჰყვა. ისრაელმა გაიმარჯვა და როდოსის ზავით ტერიტორიები გააფართოვა. მისი გავლენა გავრცელდა იერუსალიმის დასავლეთ ნაწილზეც, აღმოსავლეთი კი იორდანიას დაექვემდებარა. ღაზას სექტორი ეგვიპტის განმგებლობაში აღმოჩნდა.[4]
            1949 წელს ისრაელი გაეროს წევრი გახდა. 1950 წელს კი მთავრობა გადავიდა იერუსალიმში და იგი დედაქალაქად გამოაცხადა. გაერომ მიიღო რეზოლუცია აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპირებულ ტერიტორიად გამოცხადების შესახებ და წევრ სახელმწიფოებს საელჩოების გადატანისკენ მოუწოდა.
            ამის შემდეგ რამდენიმე სისხლისმღვრელი ომი შედგა ისრაელსა და მის მოკავშირეებსა და არაბული ლიგის ქვეყნებს შორის. ყველასთვის ცნობილია „6 დღიანი ომის“, სუეცის კრიზისის, განკითხვის დღის ომის, ლიბანის ომების შესახებ. აღსანიშნავია, რომ 2006 წელს დაწყებულ ლიბანის ომში ისრაელი სრულიად მარტო იბრძვის ლიბანური ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ (ჰესბოლა, ლიბანის კომუნისტური პარტია, Amal Movement, General Command).



[1] რევაზ გაჩეჩილაძე, ახლო აღმოსავლეთი: სივრცე, ხალხი, პოლიტიკა, (თბილისი, 2011).
[2] რევაზ გაჩეჩილაძე, ახლო აღმოსავლეთი: სივრცე, ხალხი, პოლიტიკა, (თბილისი, 2011).
[3] გვანცა აბდალაძე და ნინო კვიტაიშვილი, უახლესი ისტორია, (საქართველოს მაცნე, 2008), 226.
[4]http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98, (მოპოვებულია თებერვალი 9, 2011).



სწრაფვა მშვიდობისკენ-კემპ-დევიდის შეთანხმებები
1977 წელს პრემიერმა მენაჰემ ბეგინმა განაცხადა: „მე მოვუწოდებ მეფე ჰუსეინს, პრეზიდენტ სადათს და პრეზიდენტ ასადს ჩამობრძანდნენ ისრაელში, რათა განვიხილოთ ჭეშმარიტი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობები...ზღვარი დავუდოთ სისხლისღვრას და მივუსხდეთ მოლაპარაკებათა მაგიდას“.[1]
ამ მოწოდებას ანვარ სადათი გამოეხმაურა და მალე ეგვიპტესა და ისრაელს
შორის შეიარაღებული კონფლიქტი დასრულდა. 1979 წლის კემპ-დევიდის შეთანხმებით კი მათ შორის ურთიერთობები საბოლოოდ მოგვარდა.
სამწუხაროდ, ეს შეთანხმება არ ითვალისწინებდა პალესტინელი ხალხის ინტერესებს. კერძოდ, მასში არაფერი იყო ნათქვამი სირიის და გოლანის მაღლობებიდან, პალესტინური ღაზას სექტორიდან, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროდან და აღმოსავლეთ იერუსალიმიდან ისრაელის არმიების გამოყვანაზე.
ამრიგად, პალესტინელი ხალხი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციამ (შემდეგში მოვიხსენიებ პგო-დ) ამ ფაქტის სრული იგნორირება მოახდინა. მაქსიმუმი, რასაც კემპ-დევიდის შეთანხმება სთავაზობდა პალესტინელ ხალხს, ისრაელის ფარგლებში ავტონომია იყო, რაც ეწინააღმდეგებოდა გაეროს პირველი რეზოლუციის პირობებს.
პგო-მ 1988 წელს გამოაცხადა პალესტინის დამოუკიდებლობა, მაგრამ იგი
დღეს ნახევრადაღიარებულ სახელმწიფოდ რჩება.
1993 წელს ოსლოში დაიდო შეთანხმება ისრაელსა და პალესტინას შორის და ითვალისწინებდა პალესტინის ავტონომიის შექმნას იერიქონსა და ღაზას სექტორში. ამ შეთანხმების მთავარი მიზანი უსაფრთხოება და მშვიდობის დამყარება იყო, რაც ვერ განხორციელდა.
2002 წელს კემპ-დევიდის მეორე მოლაპარაკება გაიმართა აღმოსავლეთ იერუსალიმის სტატუსის დადგენასთან დაკავშირებით. პგო იერუსალიმის დაბრუნებას მოითხოვდა, ისრაელი უარს აცხადებდა პალესტინელი ლტოლვილების დაბრუნებაზე. სახელმწიფოები ვერ შეთანხმდნენ ვერც მდინარე
იორდანეს დასავლეთ ნაპირის თაობაზე.
2000 წელს პალესტინაში დაიწყო ინტიფადა, რაც ტერორიზმში გადაიზარდა. 2003 წელს აშშ-ევროკავშირი-რუსეთი-გაეროს მიერ შემუშავდა საგზაო რუკა, რომლის თანახმადაც პალესტინის არაბული სახელმწიფო უნდა შექმნილიყო 2005 წლამდე.



[1] ლევან ღირსიაშვილი, „ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი: ორი ერი, ერთი მიწა“, ახალი აზრი, #2(2003), http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1--0-10-0---0---0prompt-10---4-------0-0l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-10&a=d&cl=CL1.9&d=HASH6109b9c446f1b58d2b368c.5, (მოპოვებულია თებერვალი 11, 2012).



ისლამური ფუნდამენტალიზმი და
მართმადიდებლური შემწყნარებლობა
          პალესტინელებს, როგორც სემიტური სამყაროს შემადგენელ ნაწილს, ორი უკიდურესობა ახასიათებთ სუნიტურ-ისლამური ფუნდამენტალიზმის და ქრისტიანულ-მართლმადიდებლური შემწყნარებლობის სახით. პალესტინელთა შორის შეუთანხმებლობამ და მუდმივმა დაპირისპირებამ შედეგი გამოიღო და დღემდე პრობლემატურია ამ სახელმწიფოს აღიარება-არაღიარების საკითხი. ამის დასტურია „ჰამასის“ და „ჰესბოლას“ დაპირისპირება. ჰამასი, როგორც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ორგანიზაცია, მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის ნაცვლად ისრაელის სახელმწიფოს და ყველა ებრაელის განადგურებას ისახავს მიზნად. გამოდის, რომ ჰამასის ლიდერობის პირობებში პალესტინამ დამოუკიდებლობა რომც მიიღოს, ეს ომი არ შეწყდება, რადგან ჰამასს მეორე მთავარი ამოცანა დარჩება გადასაწყვეტი-ისრაელის სახელმწიფოს სრული განადგურება. ამავდროულად, თუ ისრაელიც შეასრულებს თავის სიტყვას და ჰამასს გაანადგურებს, პალესტინას შეიძლება მიეცეს შესაძლებლობა, მიიღოს სახელმწიფოებრიობა.


გზა კონფლიქტის დასასრულისკენ
            ეჭვს არ იწვევს ის შეხედულება, რომ ღაზას სექტორისა და მთლიანად პალესტინის პრობლემები ერთმანეთზეა დამოკიდებული და რომ პალესტინის სახელმწიფოს საკითხის მოსაგვარებლად აუცილებელია გარედან ჩარევა, განსაკუთრებით ამერიკიდან. ზბიგნევ ბზეჟინსკი მიიჩნევს, რომ უნდა განხორციელდეს ოთხი ძირითადი  პუნქტი: პალესტინელებმა უარი უნდა თქვან დაბრუნების უფლებაზე; ებრაელებმა უნდა გაითავისონ, რომ მშვიდობა ვერ დამყარდება, თუკი პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქი არ იქნება აღმოსავლეთ იერუსალიმში; აუცილებელია ტერიტორიების გაცვლა; აუცილებელია პალესტინის ტერიტორიის დემილიტარიზაცია და იორდანიის
სანაპიროზე აშშ-ს ან ნატო-ს ჯარების განთავსება.[1]
            ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მედიატორად განიხილება ევროკავშირი, რომელიც ცდილობს, დაარწმუნოს  პალესტინის მთავრობა, უარი თქვას ქვეყნის სახელმწიფოებრიობის სრული აღიარების მოთხოვნაზე. ბრიტანეთმა და საფრანგეთმა კენჭი უნდა უყაროს პალესტინის სახელმწიფოებრიობის სრული აღიარების საკითხს. სარკოზი აცხადებს, რომ პალესტინის მოთხოვნა აღიარებაზე ლეგიტიმურია, თუმცა ეწინააღმდეგება მის
მიღებას გაეროში. მან ასევე აღნიშნა, რომ პალესტინის მოთხოვნაზე უარის თქმამ შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს მდგომარეობა.
            ბრიუსელში ფრანგული საერთაშორისო ინსტიტუტის ხელმძღვანელ ვივიენ პერტუსოტის არ აკვირვებს აზრთა სხვადასხვაობა. იგი ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანას ჰყოფს ოთხ ბანაკად: ერთნი, რომლებიც მხარს უჭერენ პალესტინას-ესენია: ესპანეთი, შვედეთი და ლუქსემბურგი; გერმანია, ლუქსემბურგი და ჩეხეთი საწინააღმდეგო პოზიციას იჭერენ; ბრიტანეთს და საფრანგეთს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია; მეოთხე ჯგუფი კი ნეიტრალურ სახელმწიფოებს
აერთიანებს და მოიხსენიება „დაველოდოთ და ვნახოთ“ სახელით.
            რენე ფრანჯის მოსაზრებით, ევროკავშირის წევრები უფრთხიან ვაშინგტონთან ურთიერთობის გაფუჭებას. „მე ვფიქრობ, მათ სურთ ცნონ პალესტინის სრული დამოუკიდებლობა, მაგრამ, მეორეს მხრივ, არ სურთ, პრობლემები შეექმნათ აშშ-სთან“,-აცხადებს ფრანჯი. პერტუსოტი ფიქრობს, რომ ევროკავშირის პრობლემა ნაწილობრივ საზოგადოებრივ ურთიერთობებს უკავშირდება.[2]
            ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ აუცილებელია როგორც კონფლიქტში ჩართული სახელმწიფოების, ისე გაეროს და ევროკავშირის მხრიდან მოქნილი და ეფექტური მუშაობა. სანამ კონფლიქტის მოგვარების უფრო კონკრეტულ გზები შემუშავდება, საჭიროა ამ პრობლემის მიზეზების გამოაშკარავება.



[1] http://www.epn.ge/?p=23042, (მოპოვებულია თებერვალი 10, 2012).
[2] http://www.voanews.com/georgian/news/-----------------------130363633.html, (მოპოვებულია თებერვალი 8, 2012).



მეთოდოლოგია
          კვლევის შემდეგი პროცესი გულისხმობს საველე სამუშაოების ჩატარებას, რომელშიც გამოყენებული იქნება როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი მეთოდები. კვლევის დიზაინი იქნება ქეისები, რაც საშუალებას იძლევა მაქსიმალურად ღრმად იქნეს შესწავლილი პრობლემატური საკითხი. კვლევის პროცესის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ჰიპოთეზების შემოწმება.
            თავდაპირველად საინტერესო და მნიშვნელოვანია ქართველი ექსპერტების და საგარეო პოლიტიკაში ჩართული პიროვნებების მოსაზრებების გაგება აღნიშნულ საკითხზე, რაც განხორციელდება პირისპირ ინტერვიუების საშუალებით. სასურველი და გარკვეულწილად აუცილებელიცაა საქართველოში მცხოვრები ებრაული დიასპორის დამოკიდებულებების გარკვევა მათს ისტორიულ სამშობლოში მიმდინარე კონფლიქტური პროცესების მიმართ, რისთვისაც საკმარისი იქნება ორი ფოკუს-ჯგუფი, ცალ-ცალკე ახალგაზრდებისა
და ასაკოვნებისთვის.
შემდეგი ეტაპი უშუალოდ ისრაელსა და პალესტინაში გამგზავრებას და მმართველი წრეების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და რელიგიურ ლიდერებთან პირისპირ ინტერვიუების ჩატარებას გულისხმობს. ამ უკანასკნელთა აზრი მნიშვნელოვანია კონფლიქტის რელიგიური მოტივების გარკვევის და შესწავლის მიზნით. ამას გარდა, ამ ქვეყნებში უნდა ჩატარდეს სამ-სამი ფოკუს-ჯგუფი საზოგადოებრივი აზრის დადგენის მიზნით. საინტერესოა, როგორ აღიქვამენ უბრალო ადამიანები მათს ქვეყნებს შორის ურთიერთობების მომავალს.
            კვლევა ასევე ითვალისწინებს პირისპირ ინტერვიუებს რუს, ფრანგ, ბრიტანელ და ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ექსპერტებთან, როგორც კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩართული სახელმწიფოების წარმომადგენლებთან. როგორც ცნობილია, ბრიტანეთი იყო მთავარი შემოქმედი ისრაელის სახელმწიფოს შექმნისა. საფრანგეთი და აშშ-ც აშკარა მხარდამჭერები არიან ისრაელისა და მას ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ აღიქვამენ. თავის მხრივ, არავისთვისაა დაფარული რუსეთის ლოიალური დამოკიდებულება პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციის (ჰამასი) მიმართ.
            მნიშვნელოვანი პროცესია ებრაული და პალესტინური ჯურნალ-გაზეთების კონტენტ-ანალიზი საზოგადოებრივი შეხედულებების დასადგენად, იმის გასარკვევად, რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა მოსახლეობაში, ხომ არ არსებობს სხვაობა             რეალურ შეხედულებებსა და იმ მოსაზრებებს შორის, რასაც მასმედია ავრცელებს და კონფლიქტის ხანგრძლივობას ნაწილობრივ არასწორი პროპაგანდაც ხომ არ განაპირობებს.
            კონტენტ-ანალიზი უნდა გამოყენებულ იქნეს ოფიციალური დოკუმენტების შესასწავლად, რაც გულისხმობს სხვადასხვა დადგენილების, შეთანხმების, რეზოლუციის ანალიზს, რომლებიც მიღებული და დამტკიცებულია როგორც თავად დაპირისპირებული ქვეყნების, ისე გაეროს და ევროკავშირის მიერ და უკავშირდება პალესტინის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს, დაწყებული 1917 წლის „ბალფურის დეკლარაციით“. ყველაზე დიდი მნიშვნელობისაა იმ რეზოლუციის უფრო დაწვრილებით შესწავლა, რომლის ძალითაც ორი-არაბული და ებრაული-სახელმწიფო უნდა ჩამოყალიბებულიყო ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე. საინტერესოა, რა ტერიტორიული ცვლილებები ხდება ისტორიის მანძილზე და არის თუ არა რეალობა დოკუმენტში მითითებულის შესაბამისი, ან რამდენად სამართლიანი იყო ტერიტორიების გადანაწილება.
            აუცილებელია ისრაელისა და პალესტინის მმართველი პოლიტიკური პარტიების განვლილი და მიმდინარე პროგრამების ანალიზი, რაც საშუალებას იძლევა დადგინდეს წარსულში მათი დამოკიდებულებები და სამომავლო მიზნები მეორე სახელმწიფოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით.
            კვლევის პროცესის დასრულების შემდეგ მთელი ძალისხმევა უნდა მოხმარდეს შედეგების სწორ ანალიზს და ინტერპრეტაციას. მნიშვნელოვანია, რომ მოპოვებული ინფორმაცია სწორად იქნეს მიტანილი საზოგადოებამდე და არ მოხდეს ფაქტების დამახინჯება. ჰიპოთეზის დადასტურება არ უნდა გახდეს მიზეზი მცდარი დასკვნების გამოსატანად.
            დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გარკვეულწილად რეალური წარმოდგენა
იარსებებს კონფლიქტის წარმომშობი მიზეზების შესახებ და გაცილებით გამარტივდება მისი მოგვარების გზების ძიება. თუკი პრობლემის საფუძველი ცნობილია, მაშინ მის მოგვარებას წინ აღარაფერი უდგას.


კვლევის განხორციელების ეტაპები და საჭირო რესურსები
          ქვემოთ მოცემულია ცხრილი, რომელშიც მითითებულია კვლევის ეტაპები და მათი განხორციელებისთვის საჭირო რესურსების რაოდენობა ევროებში. 

თარიღი
პროცესი
ხარჯი ()
მარტი 2012-ივნისი 2012
დამატებითი ლიტერატურის გაცნობა; ინტერვიუები ქართველ ექსპერტებთან და პოლიტიკოსებთან; ფოკუს-ჯგუფები ებრაულ დიასპორასთან საქართველოში; ოფიციალური დოკუმენტების, მათ შორის ისრაელის და პალესტინის მმართველი პარტიების პროგრამების, და ჟურნალ-გაზეთების კონტენტ-ანალიზი;
     


400
ივლისი 2012-აგვისტო 2012
ვიზიტი ისრაელში-ინტერვიუები პოლიტიკოსებთან, ექსპერტებთან, რელიგიურ ლიდერებთან; ფოკუს-ჯგუფები მოსახლეობასთან;

2 200
სექტემბერი 2012-ოქტომბერი 2012
ვიზიტი პალესტინაში-ინტერვიუები პოლიტიკოსებთან, ექსპერტებთან, რელიგიურ ლიდერებთან; ფოკუს-ჯგუფები მოსახლეობასთან;
   
1 500
ნოემბერი 2012
ვიზიტი საფრანგეთში-ინტერვიუები ექსპერტებთან და პოლიტიკოსებთან;
2 000
დეკემბერი 2012
ვიზიტი დიდ ბრიტანეთში-ინტერვიუები ექსპერტებთან და პოლიტიკოსებთან;
2 200
იანვარი 2013-თებერვალი 2013
ვიზიტი აშშ-ში-ინტერვიუები ექსპერტებთან და პოლიტიკოსებთან;
  
4 000
მარტი 2013-აპრილი 2013
ვიზიტი რუსეთში-ინტერვიუები ექსპერტებთან და პოლიტიკოსებთან;
  
4 500
მაისი 2013-აგვისტო 2013
შედეგების ანალიზი და ინტერპრეტაცია
 
600
სექტემბერი 2013
კვლევის პრეზენტაცია
700
ოქტომბერი 2013
კვლევის გამოქვეყნება
3 500
-
გაუთვალისწინებელი ხარჯები
1 500
20 თვე

23 100

ამგვარად, კვლევის პროცესი გაგრძელდება წელიწადი და რვა თვე, ხოლო მისი განხორციელებისთვის საჭიროა 23 100 ევრო.


დასკვნა
          ჩატარებული კვლევა უაღრესად დადებითი შედეგების მატარებელი იქნება. მარტო ის ფაქტი, რომ ბოლოს და ბოლოს თითქმის მთელი საუკუნოვანი კონფლიქტის და დაძაბულობის რეალურ მიზეზებზე საუბარი თავისუფლად იქნება შესაძლებელი. ამას გარდა, კვლევის შედეგად ბევრი ისეთი ინფორმაცია გახმაურდება, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით ყურადღების მიღმა რჩებოდა. თავად ებრაელი და პალესტინელი ხალხიც დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად გაცილებით მეტს შეიტყობს, ვიდრე აქამდე იცოდა და საბოლოოდ აეხდება ფარდა საიდუმლოებს.
            ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი მხოლოდ ამ ორი მხარის დაპირისპირებას არ ნიშნავს, სხვა სახელმწიფოებიც აქტიურად და უფრო და უფრო ღრმად ერთვებიან მასში და თუკი დროულად გამოვიკვლევთ თავდაპირველ მიზეზებს, ეს საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ სიტუაციის კიდევ უფრო გამძაფრება.
  რაღაცის გამოსწორება გვიანი არასდროს არ არის და თუ ეს კვლევა სულ მცირე წვლილს მაინც შეიტანს ესოდენ მტკივნეული პრობლემის გადაწყვეტის საქმეში, თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს, რომ კვლევის მიზანი მიღწეულია.


გამოყენებული ლიტერატურა
  1. დავარაშვილი, ზ., და ცაგარეიშვილი, თ. ეთნოსები საქართველოში. საქართველოს სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000725/00-Tituli.pdf
  2. გაჩეჩილაძე, რევაზ. (2011). ახლო აღმოსავლეთი: სივრცე, ხალხი, პოლიტიკა. თბილისი.
  3. აბდალაძე, გ., და კვიტაიშვილი, ნ, (2008) უახლესი ისტორია. თბილისი: საქართველოს მაცნე.
  4. ღირსიაშვილი, ლევან. „ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი: ორი ერი, ერთი მიწა“, ახალი აზრი, #2 (2003), http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1--0-10-0---0---0prompt-10---4-------0-0l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-10&a=d&cl=CL1.9&d=HASH6109b9c446f1b58d2b368c.5
  5. http://www.epn.ge/?p=23042
  6. http://www.voanews.com/georgian/news/-----------------------130363633.html
  7. http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98




No comments:

Post a Comment