Tuesday, 28 August 2012

პოლიტიკა, შემოქმედება და სიყვარული „დიდოსტატის მარჯვენაში“


მრავალი ერი არსებობდა ამქვეყნად, უფრო მცირეც, უფრო მრავალრიცხოვანიც, ვიდრე ქართველი ერი. ბევრი მათგანი აღიგავა პირისაგან მიწისა. ჩვენ კი მოვედით დღემდე. მოვედით ტანჯვით, ვაებით, ბრძოლით, შეურიგებლობით, სიამაყისა და  ღირსების შეგრძნებით, თავისუფლებისა და სიცოცხლის სიყვარულით.
ქართველი იშვიათად იყო მონა. ჩვენს სისხლში, საწყისში, დვრიტაში არ დევს დაჩოქება და ქედმოხრა. არც სხვისი სისხლი გვწყუროდა და არც ჩვენსას ვუთმობდით ვინმეს. ვაჟკაცები ვიყავით და  ვაჟკაცებად ვიხოცებოდით. გმირებად ვრჩებოდით, მომავალ გმირთა მოვლინების საწინდრად.
პიროვნული თავისუფლებიდან ეროვნული თავისუფლებისა და თვითმყოფადობისაკენ ლტოლვა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა იყო ყოველთვის ქართული პოლიტიკის ამოსავალი წერტილი.
თუმც ისეც ხდებოდა, ვერ გავექცევით სინამდვილეს, რომ მოღალატენიც გვყავდა, სამწუხაროდ, მტარვალთა ხელისა და ნაფეხურების მკოცნელნი,  ბედსშეგუებულნი თუ იმ ბედით კმაყოფილნი, პირში რომ შესციცინებდნენ ძლიერთ.
ვაგლახ, ბევრჯერ წახდენილა მათგან ჩვენი პატარა საქართველო, მტერთა საჯიჯგნად და საბოგინოდ ქცეულა.
არც შინაომები იყო მათი შემწეობით უცხო საქართველოში.  თითოეული თავადი თუ ერისთავი თავისი მამულის დაკარგვას ძმათაკვლას რომ ამჯობინებდა და ზოგჯერ პირადი სურვილებითა და ამბიციებით დაბრმავებული მეფისადმი დაუმორჩილებლობისა და დამოკიდებლობისაკენ სწრაფვით, საქართველოს ძლიერებას და ერთიანობას რომ უთხრიდა საფუძველს.
მაგრამ არ ეძინა ქართულ ჯიშსა და გენს. კვავ ჩუხჩუხებდა ქართული სისხლი და გამოსავალსაც პოულობდა. არასდროს დაკეტილა ქართველთა წინაშე იმედის კარი, რწმენის, ერისა და ქვეყნის ერთგულებით სავსენი რომ იბრძოდნენ ბედნიერი მერმისისთვის. სიცოცხლე რომ სწადდათ და იხოცებოდნენ, თუმც სამარადისოდ რჩებოდნენ საქართველოს ისტორიულ თვალსაწიერზე.
შეუპოვარი, გაუტეხელი და შრომისმოყვარე ხალხი ვართ ქართველები. სწორედ, ამიტომ იყო, ბევრჯერ დანგრეული და მიწასთან გასწორებული, შემართებით კვლავ ფეხზე წამოვდგებოდით, გვერდზე გადავდებდით მტრის სისხლით ნაპოხ ხმალს და ბრძოლაში დაღლილი მარჯვენით ვაშენებდით და ვქმნიდით, ვწერდით და სამადლობელ ჰიმნად ცაში აღვავლენდით გალობას, სულის სიღრმიდან წამოსულს, უფლისა და გამჩენის სადიდებლად.
არასდროს ისვენებდა ქართული მარჯვენა. თუ დღეს რამე გვაქვს საამაყო, საუკუნეებიდან რუდუნებით მოღწეული ჩვენამდე ქართული ნიჭისა და გონის, ეროვნული სულისა და სიმდიდრის უტყუარ დასტურად, ჩუქურთმადქცეულ დიდებაში, ტაძრებსა თუ მონასტრებში, ფრესკებსა თუ ხატებში, მონათხრობსა თუ ნაწერში, ქართულ ხუროთმოძღვრულ  და ლიტერატურულ უკვდავ ქმნილებებში გაბნეულა მარგალიტებად.
ქვეყნის პოლიტიკური ძლიერება მხოლოდ ტერიტორიულ მთლიანობას   არ ემყარება. მის საფუძველს განათლებული ერი და ძლიერი ლიტერატურულ–კულტურული მემკვიდრეობა ქმნის. სამშობლოს სიყვარული მარტო ხმლის ქნევითა და უაზრო ქადაგით როდი ვლინდება.
თუ არსებობ, უნდა ცხოვრობდე! თუ ცხოვრობ, უნდა იბრძოდე, შრომობდე, გიყვარდეს, უყვარდე, უნდა იღწვოდე, უნდა იწვოდე, მთელი არსებით, შეგნებით უნდა ენთო, სხვაც უნდა აანთო, სიცოცხლის ხალისი უნდა ჩაუნერგო, ცხოვრეაბ უნდა შეაყვარო და უნდა ჩაიფერფლო სამარადისო სიყვარულის ზვარაკად!
რაც კი შექმნილა ამქვეყნად, რაც კი ღვთისაგან მოვლენილა და მოსულა ჩვენამდე, სიყვარულის შედეგია. სიყვარული მადლია, ღვთითკურთხეული მადლი, ნუგეში გაჭირვებასა და ვაებაში მყოფთათვის, რწმენა და იმედი ლხინის მოლოდინით.
ბევრი ღირსეული საქმის შთამგონებელიცაა და სულისჩამდგმელიც.
ტკივილიანიცაა იგი ზოგჯერ. შეიძლება უპასუხოდ დარჩეს. ან როცა თავი უკვე უბედნიერეს ადამიანად მიგაჩნია, სწორედ, მაშინ გიმუხთლოს ბედმა და სატრფოსთან დაგაშოროს.
სიყვარული მსხვერპლია, საიდუმლოდ გაღებული მსხვერპლი საიდუმლოდ დადებული ფიცისა, მაგრამ ესეც დიდი სიამეა და ათასჯერ უკეთესი, ვიდრე უსიყვარულოდ ყოფნა ამ ქვეყანაზე.
ღმერთმა შექმნა ეს სამყარო და ჩვენ, ადამიანები, მის უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს ქმნილებებად გვაქცია. გვქმნა სრულყოფილნი და მოგვცა უნარი მეტყველებისა, ღრმა აზროვნებისა, უნარი თეთრისა და შავის, ნათლისა და ბნელის, კეთილისა და ბოროტის გარჩევისა, უნარი მშვენიერების და სილამაზის შეცნობისა, უნარი სიყვარულისა. ჩვენში ჩაასახლა უფალმა სული – შეუცნობელი და ცნობადი, სული – უკვდავი და მარადიული.
ადამიანს, სრულიად განსხვავებულს სხვა ინდივიდთაგან, არსებობის სხვა დანიშნულება და აზრი აქვს. უპირველესი კი ჩვენთვის ამქვეყნად ყოფნის, ამქვეყნად მოვლინების მადლის სრულყოფილი აღქმაა. ყველაზე დიდი მადლი სიკეთეა, რომელსაც მხოლოდ მშვენიერების შეცნობით ეზიარები, მშვენიერება კი სულში ვლინდება.
რაღაცის არსს და აზრს რომ ჩასწვდე, მისი სული უნდა ამოიცნო, თუ სულიერია ან უსულო საგანი გაასულიერო. ეს კი ნიჭია, დიდი ნიჭი და მას შემოქმედება ჰქვია.
უამრავი მხატვრული, მუსიკალური, ლიტერატურული, არქიტექტურული თუ სხვა კულტურული ღირებულების ძეგლი შეუქმნია კაცობრიობას თავისი არსებობის მანძილზე. ეს არის გასულიერებული სამყარო. მათში დევს შემოქმედთა არსი, მიზნები, მისწრაფებანი, ფარული თუ გაცხადებული ტრფობა და სიყვარული. ეს არის ის, რაც ადამიანის გონებაში მყისიერად გაელვებულა, მისი ფიქრი – იდუმალი თუ ნაცნობი, ის, რისთვისაც მოვიდა ამ ქვეყნად და რაც სურდა ეთქვა.
ხელოვნება ადამიანის სულიერ ამაღლებას ემსახურება. ზოგიერთისთვის შეუძლებელია, ჩასწვდეს ხუროთმოძღვრების, მხატვრობისა თუ მუსიკის შედევრებს, აღმოაჩინოს მათში ჩადებული აზრი, თითქმის ყველასთვის გასაგები ლიტერატურული ნიმუშები.
ლიტერატურა, ავტორთან ერთად, უამრავი გმირითა და სულთა აურაცხელი რაოდენობით შემოაბიჯებს ჩვენში და ჩვენც მათთან ერთად გვიყვარს, ვხარობთ, გვტკივა, განვიცდით, ვდარდობთ, ვიზიარებთ მათს ხილულ თუ  დაფარულ აზრებს და ათასობით სულის გამოძახილის გამგებნი წამიერად საკუთარ ყოფაზეც ჩავფიქრდებით და სიცოცხლეც სხვა ელფერს იძენს.
დიდია სიტყვის ძალა. საოცარი გარდატეხის მოხდენა შეუძლია ადამიანის გონებაზე. მით უფრო, თუ აზრი მაღალმხატვრული ოსტატობით  გამოხატული სიტყვათა ნაზავია, რომელშიც მთქმელის მთელი სული და გულია ჩადებული.
საოცრად მდიდარი და ლამაზია ქართული ენა ღვთის შეწევნით, არასდროს გახუნებულა ქართული სიტყვის მადლი. მაგრამ არიან რჩეულნი, სათქმელს ისე რომ გაგანდობენ, ინატრებ, არ დასრულდეს და არ ჩეწყდეს აზრი.
კონსტანტინე გამსახურდია ერთ–ერთი იმათთაგანია, ქართულ სიტყვას ელფერი, ხიბლი და სინატიფე რომ შეჰმატა. მისი წინადადებათა საოცარი ურთიერთმიმართება, მელოდიური შერწყმა, მხატვრული შედარებანი აზრს მკაფიოსა და სულისშემძვრელს ხდის. ეს არის სათქმელი, რომელიც გიმონებს და ნათქვამი, რომელიც არასოდეს ცვდება. აზრი, რომლის ბრწყინვალებას და სიღრმეს ვერაფერს აკლებს ჟამთასვლა.
უნარი ადამიანთა სინაგან სამყაროში წვდომისა და თვალთაგან შეუმჩნეველ  კუთხეებში ინტერესთა და სურვილთა პასუხის მოძიება კარგად წარმოაჩენს თავად მწერლის პიროვნებას.
კონსტანტინე გამსახურდია პატრიოტი იყო და სტკიოდა ყოველი, რაც საქართველოსა და ქართველ ერს უკავშირდებოდა. ერთიანი, შეუვალი და დამოუკიდებელი სამშობლო იყო მწერლის ოცნების საგანი.
ის, რაც ამდროინდელი, კომუნისტური ეპოქისთვის იყო დამახასიათებელი, პიროვნული თუ სახელმწიფოებრივი თავისუფლების ჩახშობა, პროტესტს იწვევდა მასში.
უყვარდა საქართველოს ისტორიული წარსულისათვის თვალის გადავლება და სიხარულსაც და სევდასაც თანაბრად იზიარებდა წინაპარ ერთგულ მამულიშვილთა დარად. ვინ იცის, იქნებ არაერთხელ უნატრია მათ ნაცვლად ან მათ გვერდით ყოფნა. ფურცლებს ანდობდა ნაფიქრს. ამით პირად სატკივარს საუკუნეთა წინ განცდილს უკავშირებდა. იმ ეპოქის სულში წვდომას ცდილობდა და წინაპართა სახეებს შინაგანი სამყაროს წარმოჩენით ახალ სიცოცხლეს აძლევდა. უყვარდა ყველაფერი ქართული. ეს სიყვარული წარსულისადმი, თაყვანისცემა ქართული შემოქმედებითი ნიჭისა და ადამიანურ გრძნობათა  თუ ვნებათა , აზრთა თუ ზრახვათა კორიანტელი უბადლოდ შეურწყა ურთიერთს მშვენიერ ისტორიულ რომანში „დიდოსტატის მარჯვენა“
იყო დრო, ქართული საზღვრების სივრცელე და სიმტკიცე ავად რომ ედებოდა მტარვალთა გულს. მაგრამ უმეტესად ომში ვიყავით ან ბრძოლას ველოდით და მყისიერი მშვიდობის სანაცვლოდ საით არ გვხრიდა ბედის სასწორი.
ამ მხრივ, ჩვეულებრივი იყო  XI საუკუნეც. ეპოქა, რომლის ერთი მცირე პერიოდი მკითხველის მეხსიერებაში სამუდამოდ აღბეჭდა მწერალმა.
XI საუკუნეს გაერთიანებული მიეგება საქართველო. ქვეყანას მართავდა მეფე აფხაზთა და ქართველთა ბაგრატ III კურაპალატი, რომლის „შემპოვნედ და . . . მოაჯედ შეიქმნეს ყოველნი ხელმწიფენი, მახლობელნი და მოთაულნი მამულისა და სამეფოსა მისისანი“. მხოლოდ თბილისი ეპყრათ ხელს სარკინოზებს.
თითქოს დაისვენა ქართულმა მიწამ. ერთიანობის სიმბოლოდ გამობრწყინდა მოწამეთა, ბედიისა და ბაგრატის ტაძრები, ჯერ არ ამშვენებდა თვალისსამზერს ბალავარჩაყრილი სვეტიცხოველი.
თუმცა ბიზანტია მაინც ვერაგულად გადმოჰყურებდა გემრიელ ლუკმას. შესაფერ დროს ეძებდა და დაუდგა კიდეც. 1014 წელს მიიცვალა ბაგრატ III და საქართველოს სამეფოს მემკვიდრედ მისი ვაჟი, გიორგი I, გამოცხადდა, რომლის მეფობის ხანა, კერძოდ, მისი სიცოცხლის ბოლო წლები და სვეტიცხოვლის აშენების ისტორიაა გადმოცემული რომანში.
გიორგი I თორმეტი წლისა გამეფდა. ქუთაისში, ბაგრატ III–ის მიერ აგებულ ტაძარში, დაადგეს სამეფო გვირგვინი თავზე ჭაბუკს, სამეფო სკიპტრა უბოძეს და საქართველოს მოვლაც მიანდევს ჯერ კიდევ ბავშვს.
უმალ აიშალნენ შინაური მტრები. ფიქრობდნენ,  ასაკით მცირე მეფე შესაფერის პასუხს ვერ მიაგებდა მათ და კვლავ საკუთარი ნება–სურვილის მიხედვით განიკითხავდნენ თავიანთ სამფლობელოთა და ქვეყნის ბედ–იღბალს, ბიზანტიის კეისარმა ბასილიმაც დრო იხელთა და ქართული მიწების ხელში ჩაგდების სურვილით კვლავ შემოადგა საქართველოს სამანებს.
თუმცა არც ისეთი გამოცდილი და ბრძოლაში ნაწრთობი იყო გიორგი, როგორც ბასილი კეისარი, მაგრამ არ შეუშინდა მტრის ძელვამოსილებას ჭაბუკი მეფე, „უშიში, ვითარცა უხორცო“. ბევრი სისხლიც დაიღვარა. არ სურდა გიორგის ერთმორწმუნეობით შენიღბული ქვეყნის მფარველობა და ბიზანტიელთაგან თავის დასახსნელად ეგვიპტის ხალიფა ალ–ჰაქიმს დაუკავშირდა. ბოლოს დაზავდნენ, 1022 წელს. გაუმაძღარმა ბასილიმ ტაო დაიმისა და გიორგის ოთხი წლის ვაჟი, ბაგრატი, მძევლად წაიყვანა კონსტანტინეპოლში.
ბიზანტია, რომელიც ერთგვარ პრივილეგირებულ ქრისტიანულ სახელმწიფოდ ითვლებოდა  იმ პერიოდში, ცეცხლითა და მახვილით ცდილობდა თავის დამკვიდრებას მთელ ევროპასა და აზიაში. არც საქართველო იყო მათთვის ამ მხრივ გამონაკლისი. მით უფრო, თუ აქ ერთი სარწმუნოების, ქრისტეს რჯულის სიყვარულის საბაბით და მფარველობის იმიტაციით თავისი მმართველობის ქვეშ მოაქცევდა მთელ ქვეყანას.
გიორგი I აშკარად ხედავდა ბიზანტიიდან წამოსულ საფრთხეს. მას არ სწამდა ბერძენთა კეთილგანწყობის. სძულდა ყველაფერი, რაც ბიზანტიური იყო. იქნებ ზოგიერთს მის ადგილზე თვალთამაქცობა და ლაქუცი დაეწყო ორპირი მტრისადმი. გიორგი შორს იყო ასეთი ქმედებებისაგან. „ძაღლთაპირი ბასილი კეისარი“, როგორც ის თავად უწოდებდა ბიზანტიელთა გვირგვინოსანს, ვერაფრით შეძლებდა იმ ქვეყნის დამონებას და მოტყუებას, რომელსაც სათავეში გიორგი მეფის მსგავსი პიროვნებები ედგნენ.
„ბასილი კეისარს ეს უნდა: ერთმორწმუნე საქართველოც სომხეთის დარად გადასანსლოს როგორმე. სანამდის პირში სული მიდგას, ვერ მოესწრება ამ დღეს ძაღლთაპირი ბასილი კეისარი“. მტკიცე იყო გადაწყვეტილება მეფისა.
განა საზღვარი აქვს ადამიანურ მზაკვრობას, ორგულობასა და ცბიერებას?! არაფერი იყო ბასილისთვის ისეთი, ღირსების შელახვა რომ ეგრძნო  და არც უცხო და მანამდე უცნობი ხერხისთვის მიუმართავს. ციხე რომ ყოველთვის შიგნიდან ტყდება და რომ თანამოძმეთაგან ნასროლი ისარი ყოველთვის ხვდება მიზანს, კარგად იცოდა კეისარმა. განდიდების მსურველთა ნაკლებობას არც არასდროს განიცდიდა საქართველო. აღნიშნავს კიდეც საქართველოს სიყვარულით გულსავსე მეფე: „როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას!“
არ იცოდა დანდობა გიორგიმ, როცა საშიშროება ელოდა საქართველოს მთლიანობას. გულმხეცსაც უწოდებდნენ და გულზვიადსაც, რამეთუ საქართველოს ძლიერების საფუძვლად ერთპიროვნული მმართველობა მიაჩნდა. ეს არ იყო პირადი ამბიციებით გამოწვეული ახირება. კარგად იცოდა გონიერმა მმართველმა, თავისნებაზე მიშვებული ბრბო რომ ხეირს ვერასოდეს მოუტანდა ქვეყანას. ამიტომ იყო, დაუნდობლად რომ გაუსწორდა თავგასულ ერისთავებს: მამამზესა და მის ვაჟს ჭიაბერს, კვეტარის ერისთავს – თალაგვა კოლონკელიძეს.
ყოველი ნაბიჯი შინამტრებისა, მეფის საწინააღმდეგოდ გადადგმული, ლახვრისცემა იყო საქართველოს მთლიანობისადმი. მით უფრო, რომ ორგულ ქევშევრდომებს ქვეყნის ბედ–იღბალი იმდენად არ აღელვებდათ, რამდენადაც პირადი გამორჩენის სურვილი. ზოგნი სრულიად შეუვალობისკენ, ზოგნი კიდევ მეფობისკენ მიისწრაფოდნენ.
ამაყი იყო ბუნებით გიორგი I, რამეთუ ქევყნისა და ერის წარსული აძლევდა ამის მიზეზს. ვინ, თუ არა მან, იცოდა საქართველოს მსგავსი ქვეყნები, დიდი ისტორიული და კულტურული სიმდიდრის პატრონნი, შეუვალი, მედგარი და შეუპოვარი ხალხით, იშვიათი რომ იყო ამ სამყაროში. საქართველოს უბადლო სილამაზე არაერთ უცხო ტომელს გაოცებასთან ერთად, შურსა და სურვილს უღვივებდა, ეს მრავალფერად მოკიაფე მარგალიტი ნადავლად მიეთვალათ გაუმაძღარი გულის საამოდ. „გიორგიმ ბერძნულიც იცოდა და არაბულიც, მაგრამ არასდროს კრინტი არ დაუძრავს უცხო ენაზე სასახლეში.“ ამით ეროვნულ თვითმყოფადობასაც აშკარად უსვამდა  იგი ხაზს.
არაფერი უცხო არ ხიბლავდა  გიორგი I–ს. მით უფრო, არ შურდა ბიზანტიელებისა: „საერთოდ ქურდებია ბიზანტიელები, შჯული ებრაელებს მოჰპარეს, ენა – ძველბერძნებს, ბულგარელებს – ცეტინიუმი, სომხებს – ანისი, ბასიანს გადაღმა ქვეყნები – ქართველებს, ხოლო სინდისი ვერავის წაგლიჯეს, რადგან ასეთი რამ არა სჭირიათ ჯერაც.“ ამ სიტყვებში ნათლადჩანს მეფის დამოკიდებულება ამ თითქოსდა ძლიერი იმპერიისადმი. ერს, რომელსაც არაფერი გააჩნია საკუთარი და რომელიც არსებობს მხოლოდ სხვათა წაგლეჯისა და მითვისების ხარჯზე, არც არაფერი აქვს სატრაბახო და მით უფრო, მისაბაძი.
ამავე აზრს გამოხატავენ მეფის  ორგული ქართველებიც ბიზანტიელებთან დაკავშირებით და თავის მხრივ, გიორგი მეფეს სდებდნენ ბრალს, რომ ბიზანტიელთა ხელში მოაქცია საქართველო. მაგრამ ეს იყო მტკნარი სიცრუე, რადგან მეფეს ათასწილ მეტად სძულდა ბიზანტიელები, ვიდრე მათ ყველას, ერთად აღებულთ.
საოცრად მძიმეა რჩეულთა ხვედრი. შეიძლება, ბევრს ოცნებად ჰქონდა სამეფო გვირგვინი, მაგრამ თავად მეფეთა გადმოსახედიდან ეს სრულიად არ იყო ასეთი მიმზიდველი, ვინაიდან უბრალო, ადამიანური ყოფა ენატრებოდათ მუდამ. ვისაც პასუხისმგებლობის შეგრძნება პირად ღირსებამდე აქვს აყვანილი, მისთვის საერთოდ მძიმეა ამქვეყნიური ცხოვრება. ისინი მუდამ ეჭიდებიან ბედისწერას.
გიორგი I არ მიეკუთვნებოდა იმ ადამიანთა რიგს, სამეფო გვირგვინში რომ ხედავდნენ არსებობის მიზანს. ეუბნება კიდეც თავის დეიდაშვილს, გირშელს: „ ხვალ რომ ტახტიდან გადმომაგდოთ, ერისთავებმა, მეჯინიბედ დავდგები უთუოდ, ცხენებს მოვუვლი და ეს მომგვრიდა უდიდეს ბედნიერებას.“
ამ შეუვალი და უდრეკი მეფის საოცარი უბრალოება იგრძნობა აქ. მას სწყუროდა ჩვეულებრივი ადამიანური არსებობა. იგი ვერც ყრმობის წლებს ეზიარა, მსგავსად თანატოლებისა, რამეთუ მციერწლოვანი შეეჭიდა სავალდებულო მძიმე ჭაპანს და ეს  ვალდებულება ერისა და ქევყნის წინაშე ბოლომდე პირნათლად შეასრულა.
ბავშობადაკარგული ყოველთვის ცდილობდა, აენაზღაურებინა ის, უცხო თვალისთვის შეუმჩნევლად, რაც ცოტათი მაინც უვსებდა პიროვნულ სიცარიელეს. საფიქრალი და საზრუნავი უამრავი ჰქონდა, არც პასუხიმგებლობას გაქცევია როდისმე, მაგრამ გულით უნდოდა, იმ ყოფით ეცხოვრა, რომლითაც ათასობით მისი თანამემამულე თუ ქვეშევრდომი ცხოვრობდა. ამით ხალხთან სიახლოვის სურვილსაც იკლავდა და ამავ დროს, უბრალო ადამიანთა გადმოსახედიდან, ამავე ადამიანებთან ერთად განიცდიდა და აფასებდა მათ ფიქრებს, სურვილებს, ოცნებებსა და მისწრაფებებს. ამიტომ იყო, ხშირად მდაბიურ ტანსაცმელში რომ გამოეწყობოდა და გლახუნა ავშანიძედ ქეცული, ცდილობდა მიეღო ის, რაც მას, როგორც მეფეს, ეკრძალებოდა.
მართლაც, ბევრი რამ აქვს მეფეს აკრძალული, რატომღაც უფლებათა პატრონად რომ თვლიან ზოგნი.
„მეფე ხარ და ხამს . . .“
მეფე ხარ და გმართებს .  .  .
მეფე ხარ და გევალება . . .“ ეს სიტყვები ბევრს ათმობინებდა და ბევრს ავალებდა ამავდროულად.
სიყვარულის უფლებაც არ ჰქონდა მეფეს. ტრფობის  გარეშე შერთეს ცოლი, მარიამი. მასთან ცოლქმრული ვალდებულებებისა და შვილების გარდა არაფერი აკავშირებდა. ცივი კედელი იყო მათ შორის აღმართული. თუმცა ქრისტიანობის მტკიცე დამცველი და სამაგალითოდ სპეტაკი ქალი იყო დედოფალი, მაგრამ არ იყო ის, ვინც მამაკაცურ ვნებებს აღუძრავდა მეფეს. მაგრამ პატივისცემა, დაფასება, რიდი და კრძალვა დიდი ჰქონდა გიორგის თანამეცხედრისა.
ბოლოს სიყვარულიც ეწვია მეფეს.
თავდავიწყებით შეუყვარდა გიორგის თალაგვა კოლონკელიძის ულამაზესი ასული შორენა. ეს სიყვარული იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მიუხედავად მეფის მცდელობისა, შეუმჩნეველი დაეტოვებინა ეს უცხო თვალთათვის, მაინც გაიგეს, მაინც შეიტყვეს.
მეფე, რომელიც უდრეკი და ნებისყოფით სავსე იყო მტერთან და მოძალადესთან, სრულიად სუსტი აღმოჩნდა შორენას წინაშე. მაგრამ ადამიანი იყო და ვერ გაუძლო სითბოს და სიყვარულს მონატრებულმა გულმა. ფიქრებში შესაძლებლობებს სახავდა. ამ დროს მისთვის არაფერი იყო მიუღწეველი და იმედით ივსებოდა, სჯეროდა ოდესმე თავის გვერდით იხილავდა ქალს, რომელმაც ჭეშმარიტ გრძნობას აზიარა. ამ მიზნისკენ მიილტვოდა. იქნებ გულცივიც იყო და დაუნდოებლიც, მაგრამ ამ ქალთან არც ძალა უხმარია და არც უფლებრივი პრივილეგიით უსარგებლია. სურდა, ნებაყოფლობით მიეღო სატრფოს გულს. თუმცა სისხლით ჩამოიშორა მეტოქეები: ჭიაბერ ერისთავი, დეიდაშვილი გირშელ და სვეტიცხოვლის ამგები – კონსტანტინე არსაკიძე, მაგრამ ვერ აისრულა სურვილი მეფემ.
თავიდანვე განწირული იყო ეს სიყვარული. მეფეს უფლება არ ჰქონდა, გრძნობებს აჰყოლოდა და გონებით არ ემოქმედა. სიცოცხლეს გასცემდა შორენასთვის გიორგი, მაგრამ წარბიც არ შესტოკებია, ისე გამოუტანა თვალების დათხრის განაჩენი საყვარელი ქალის მამას. თალაგვა კოლონკელიძე მოღალატე გახლდათ და მისი შეწყალება გზის გახსნა იქნებოდა სხვა ორგულთათვის. დაუსჯელობა ხომ ათასწილ აშმაგებს ადამიანის ბუნებას და იშვიათად, რომ ერთგულების სურვილი აღძრას. ქვეყნის ერთიანობა კი უმთავრესი იყო და სხვა ვერანაირი გრძნობა თუ სურვილი ვერ გადაწონიდა მას.
ტრაგიკულია გიორგი I–ის ბედი. საოცრად გულში ჩამწვდომია მეფის აღსარება, ერთგულ პიპას რომ გაანდო სიკვდილის წინ.
„მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს. თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც . . . გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატნია . . .“
მეფისა და ადამიანის ბუნება თავმოყრილიყო ამ ერთ პიროვნებაში, მაგრამ ვერა და ვერ შეძლო მათი შერწყმა, რადგან ერთი სხვას ითხოვდა მისგან, მეორე სხვას. ქვეყნის ერთგულება ვერაფერზე გაცვალა, არც სიყვარულს ანაცვალა საქართველო. კარგად იცოდა, სამშობლო ერთი აქვს ადამიანს და მთელი სიცოცხლე მის აღშენებას უნდა შეალიოს. ისიც მუდამ ფხიზელ დარაჯად ედგა საქართევლოს ერთიანობას. ეკლესია–მონასტრებსა და ტაძრებს აგებდა ქვეყნის თვითმყოფადობის დასტურად. პატივს სცემდა და აფასებდა ადამიანური ნიჭის ყოველგვარ გამოვლენას და ცდილობდა, ხელი შეეწყო მათთვის, ისევ სამშობლოს სასაგებლოდ. ყოველი თავისი ნაბიჯი საქართველოს ძლიერებას ამსახურა და საკუთარ ნება–სურვილზე არასოდეს უვლია. მკრეხელადაც ჩათვალეს, რამეთუ ქრისტიანული სამეფოს მეფემ ძელიცხოვლის ჯვრით მეტოქე მოაწამლვინა. იქნებ გამართლებაც არ შეიძლება მსგავსი ნაბიჯისა, მაგრამ ეს ცოდვაც, თავის მხრებზე დაწოლილი, ქვეყნისთვის იტვირთა.
მეფე იყო და შეძლო, ერთგულად ეზიდა მეფური ჭაპანი. ადამიანი იყო და ადამიანურად აიტანა ცოდვილი ტვირთი.
25 წლისა  მოიპარა ქართულმა მიწამ სამშობლოს ერთგული შვილი, „მეფეთ მეფე გიორგი მესიის მახვილი“
სამყაროს ადამიანი ჯერ გემოთი შეიცნობს, შემდეგ კი მხედველობით. მისი თვალები ნელ–ნელა აღიქვამს იმ სილამაზეს, რომელსაც ქვეყნიერება გადაშლის მის წინ. ამ საოცრებით ნასაზრდოები კი, იგი თავად ცდილობს, თავისებური სიკოხტავე შეჰმატოს ქვეყნიერებას და თავად წვალობს, ქმნის, შემოქმედებს. თანდათან იხვეწება ადამიანის ოსტატობა და იქმნება ხელოვნება, რომელიც მთელი თავისი სიდიადით, სიღრმით, თავად შობს პიროვნებას. მას კი უკვე კარგად აქვს გაცნობიერებული თავისი არსი და დამოკიდებულება ცხოვრების ყოველგვარი ფასეულობის მიმართ. შეუძლია, იყოს თავისუფალი და იბრძოლოს პიროვნული თვითდამკვიდრებისათვის. არა აქვს ამ დროს მნიშვნელობა არც ასაკს, არც წარმომავლობას, არც თანამდებობრივ თუ უფლებრივ მდგომარეობას.
ლაზი მონა იყო კონსტანტინე არსაკიძე, თალაგვა კოლონკელიძის ასულთან შეზრდილი. ოსტატობაშიც ჰქონდა ძალა ნაცადი. ცხრაკარისა და ითვალისის ეკლესიები აეშენებინა უკვე, როცა სვეტიცხოვლის ტაძრის აგება დაავალა მას გიორგი I-მა.
 ახლა სასახლის ხუროთმოძღვრის, ფარსმან სპარსის ხელძღვანელობით და მეთვალყურეობით უნდა შესჭიდებოდა არსაკიძე დიდ საქმეს. ალბათ იცოდა, ჯერ კიდევ გამოუცდელმა ჭაბუკმა გიორგი Iის გულცივი დამოკიდებულების ამბავი ფარსმანთან და იმასაც „. . . გრძნობდა, მეფემ და კათალიკოსმა უდიდეს ოსტატს რომ შეარკინეს იგი. მოხუცებულ ბრძენკაცს უნდა შებმოდა მოკრძალებული, თავმდაბალი ჭაბუკი, მის ქმნილებებს უნდა დაეჩრდილა ყველა ტაძარი ფარსმანის მიერ აგებული სამცხეში“.
იცოდა კონსტანტინემ, რომ ვალდებულება და პასუხისმგებლობა დიდი იყო, მაგრამ არ შეუშინდა წინააღმდეგობებს. არც ფიზიკურ შრომას არიდებია, „დღენიადაგ ხარაჩოებზე დაბობღავდა“.
შრომაა ის, რაც ადამიანს ადამიანური ყოფისა და არსებობის საწყისზე დააფიქრებს. შრომა სისპეტაკეს ჰმატებს ადამიანს, სიწმინდეს და პატიოსნებას, რადგან მშრომელი კაცი უბრალოა მეტწილად. ურალოება კეთილშობილების საწინდარია. ეს უკანასკნელი კი თავიდათავი და საწყისია ადამიანური ღირსებისა.
ამ აზრითაა შთაგონებული არსაკიძის ცხოვრება. აღნიშნას კიდეც: „კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა. შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად და არც არაფერი ამშვენებს ისე ვაჟაკცს, როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე. უდიდესი სიამაყე შეუდგება გულს, როცა შემოქმედების შენის ნაყოფი ცხოვრებასა და მიწას სამუდამოდ გამოადგება“.
ასეთ სამკაულად მიიჩნევდა არსაკიძე სვეტიცხოველს, თავისი სულისა და გულის პირმშოს. ეს ნაგებობა უნდა ქცეულიყო მისი ნიჭისა და გონის გამოვლენად. სწორედ სვეტიცხოველსა და საერთოდ, ხელოვნებაში ხედავდა არსაკიძე თავისი არსებობის აზრს და ამიტომაც ამბობდა: „ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს საფასად, თუ მთელი ჯანი არ შეალიე ამ სატიკ ბომონს, არაფერი გამოგივა ხელიდან“.
მნიშვნელოვანია და საყურადღებო ისიც, რომ არსაკიძისათვის ხელოვნება და ხელოვნების ნიმუშის შექმნა თავისი ადამიანური და პატრიოტული ვალის მოხდად მიაჩნდა ქვეყნისა და ერის წინაშე, რამეთუ თითოეულ ძეგლში ხუროთმოძღვართა უსაზღვრო სიყვარულია ჩადებული სამშობლოსა და თანამემამულეთა წინაშე, რაც აშკარად იგრძნობა ქვასა და ლოდებში ჩაქსოვილ ბარელიეფებსა თუ ორნამენტებში.
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნება იყო არსაკიძისათვის ამოსავალი წერტილი ამქვეყნიური ყოფისა და მარადისობასთან ზიარებისა, ის მზად იყო სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას შესწირვოდა ზვარაკად, რამეთუ რასაც აგებდა და აჩუქურთმებდა, ყველაფერს ქვეყნისა და ერის უძლევლობისა და უკვდავების დასტურად.
„ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს, მოქანდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს“.
პოლიტიკის მიმართაც თავისი დამოკიდებულება ჰქონდა ოსტატს. მან კარგად იცოდა, რომ ერთი ძალადობის შეცვლა მეორით არ იყო გამართლებული მეთოდი. ღრმად სწამდა, რომ თავისი ცხოვრების გზას ყოველი ადამიანი თვითონვე ქმნის და სწორედ, მისი ნაბიჯის მიმართულება განსაზღვრავს ქვეყნის ბედს. ამიტომ სრულიად უმართებულოდ მიაჩნდა ზედმეტი ჭიდილი ხელისუფლებასთან: „ჩემდა თავად მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს. და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არ არის, რაც მას დაუმყარებია თავად . . . ყოველი კაცისთვის სანატრელი წყობილება ჯერ არსად დამყარებულა.“.
არსაკიძეს არ იზიდავს ომები და შინააშლილობები. ის ხელოავნი კაცია და მისი გონება უფრო მაღალი იდეალებითაა დაკავებული.
მხოლოდ ხელოვნების უძლევლობა სწამდა. ყველაფერი წარმავალია ამქვეყნად. მხოლოდ მას, ვისაც ძალუძს წამის მარადიულად ქცევა, მოუხეშავი, ტლანქი დიდებისგან შექმნას მაცოცხლებელი სულით გამთბარი „ქვის ჰარმონია“, შეუძლია, გასცდეს საუკუნეებს.
„ხელოვნებაა თავად უკვდავება. მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი. . . . ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი.“
არსაკიძეს ადამიანის არსებობის აზრად სრული შინაგანი დაუმორჩილებლობა მიაჩნია. მიზნის მისაღწევად მზად არის, გადალახოს ყოველი წინააღმდეგობა და ღმერთსაც კი გაუტოლოს თავი: „საპატიო ვალია კაცისა არა გლახური ღმერთის ძიება, არამედ თავად უნდა გახდეს შემოქმედი უფლის მეტოქედ“. იმ სურათშიც, ღმერთთან მებრძოლ იაკობს თავისი სახე რომ მისცა კონსტანტინემ, ხოლო ღვთის იერით მელქისედეკი წარმოაჩინა, შეურიგებლობა და დაუმორჩილებლობა გამოხატა არა მარტო ამქვეყნიურისადმი.
როცა გწამს, როცა გჯერა იმ მიზნისა, რომლისკენაც მიილტვი, არაფერია შეუძლებელი. სწორედ ეს დაუოკებელი სწრაფვა წარმოაჩენს ადამიანის პიროვნებას, მის არსს, აზრს და ადგილს ამქვეყნად. მთელი სიცოცხლის გულისთქმას და ამის ყოველივეს საფუძველს ხელოვნებაში ხედავდა არსაკიძე.
იქნებ ამიტომაც იყო, რომ ის სიყვარული, რომელსაც გულის სატრფო, შორენა კოლონკელიძე, ითხოვდა მისგან, სვეტიცხოვლისთვის დაეთმო უკვე.
მთელი გულით უყვარდა კონსტანტინეს შორენა, მაგრამ იცოდა, თუ საქმე მოითხოვდა, სევტიცხოვლისკენ გადახრიდა მეტად სასწორი, რამეთუ სიყვარული თუნდაც შორენასადმი, მთელი სამყაროსადმი, ამ უბადლო ქმნილებაში ჩაექსოვა დიდოსტატს.
მაგრამ სამწუხაროა, რომ ვერც სვეტიცხოვლის სიდიადემ იხსნა იგი განსაცდელისგან. ვერ აპატია მეფემ სიყვარულში შეცილება კონსტანტინეს. განაჩენი საშინელი იყო. შრომით დაღლილი მარჯვენა მოჰკვეთეს დიდოსტატს.
ხურსისეულ სასახლეში მარტოობისთვის გასწირეს მკლავმოკვეთილი არსაკიძე. მორიელებმა დაკბინეს აგონიაში მყოფი, თუმცა არც სიკვდილის ღმერთს მისცა დიდხანს სული სწორუპოვარმა.
საოცარი ტკივილი, ღრმა სულიერი განცდები და ტრაგიზმი იგრძნობა კონსტანტინეს სიტყვებში: „მე ბედი მაქვს ასეთი, ჩემი სიყვარული განწირულს ეკუთვნოდა მუდამ. მე ის ფერები მიყვარდა, რომელთა შეზავება მეწამლეებსა და მხატვრებსაც გადავიწყნიათ უკვე, ისეთი ჩუქურთმები, თავად უხუცეს კალატოზებს რომ ვეღარ გამოჰყავთ, ისეთი სამოსელი, რომლის ტარებაც უკვე არავის ეხალისება, და ახლა ბედმა იგი შემაყვარა, ვინც ბედისგან განწირულია“.
ეროვნული იდეების გამოვლენაა არსაკიძის ეს განაცხადი. წარსულთან საოცარ სიღრმისეულ კავშირს გამოხატავს იგი. თაობებიდან თაობებამდე ათასობით სულთა განცდილის გადმოტანას და ამის საფუძველზე სხვადასხვა დროისა და ეპოქის შერწყმას მიიჩნევდა კონსტანტინე ქართული ჯიშისა და გენის უკვდავების საფუძვლად.
თუმცა ღრმა სულიერი იდეებითაა სავსე არსაკიძის პიროვნება და ეს სიდიადე და ძლევამოსილება მან თავისი შემოქმედებით უბადლოდ გამოხატა. გრძნობდა, რომ შეუთავსებადი იყო ამ ცხოვერბისათვის. ვერ ეპოვნა ადგილი, სადაც სულს სიამე წამლად დაედებოდა. არაამქვეყნიურისაკენ მიისწრაფვოდა მთელი ცხოვრება. ეს სწრაფვა კი ჭეშმარიტ ხელოვანთა ერთგვარი ბედია, მდევარი.
„ . . . არავინ ისე არ ისჯება ამ ქვეყანაზე, როგორც იგი, რომელიც ყოველივეს არ შესწირავს თავის სიყვარულს. ასეთნი მუდამ მარტოკანი დარჩებიან ამ ქვეყანაზე და არავინ ისე საცოდავი არაა, როგორც მარტოსული“, – ეს სიტყვები იმ ქალს ეკუთვნის, რომელზე ოცნებაშიც ათენ–აღამებდა გიორგი I, რომლის ნაფეხურთა მკოცნელად ქცეულიყო კონსტანტინე არსაკიძე და რომლის ხატებასაც არაერთი ვაჟაკცის სისხლი აუჩქროლებია.
მსოფლიო ისტორიაში უხვად არის მაგალითები იმისა, ქალი რომ ქცეულა უამრავი მტრობისა და შუღლის მიზეზად. მშვენიერი ელენეს გამო დაწყებული ტროას ომიც კმარა ამის დასტურად. მაგრამ ქალი ყოველთვის იყო, არის და იქნება მამაკაცის შთაგონების წყარო.
პირმშვენიერი, ჩამოსხმული და ნატიფი სხეულით გიორგი მეფის სასურველ ქალად იქცა შორენა. მაგრამ სხვას ეტრფოდა მალულად ასული. არსაკიძის სიყვარული შეპარვოდა მის ნორჩ გულს. ამ სიყვარულის ერთგული დარჩა და ამ სიყვარულს შეეწირა იგი საბოლოოდ.
ნებიერად გაზრდილ ერთადერთ ასულს თალაგვა კოლონკელიძისას შეეძლო, პირადი სურვილებით ევლო და სხვაც თავსი ნაკვალევზე ეტარებინა ძალუმად. ერთგულებაც მტკიცე შეეძლო და ნებისყოფის სიძლიერეც ღირსების საბურველში ახვევდა მას.
არც გრძნობებს აჰყოლია სხვათა დარად. იცოდა, წოდებით დაბალ საფეხურზე მდგომი კონსტანტინეს ტრფობას არ მოუწონებდნენ მშობლები. გულში შეინახა აუხდენელი ოცნება სიყვარულისა და მზად იყო, მამის სურვილის შესაბამისად, ცოლად გაჰყოლოდა მამამზე ერისთავის ვაჟს. თუმცა არც მასთან ეწერა მომავალი, ვინაიდან მისი სიყვარულისთვის დასჯილ იქნა სიცოცხლის ფასად ჭიაბერ.
შეიძლება, ითქვას, უიღბლო დაიბადა შოერნა, მართლაც განწირული, უფლისგან მშვენიერებით დაჯილდოებული, მაგრამ უბედური.
ამ ქალის ტრაგიკულ ბედს ისიც ამძაფრებს, რომ ყველა, ვინც მისმა მშვენებამ დაატყვევა და ვინაც მასთან ბედის დაკავშიერბა ისურვა, სიყვარულის სამსხვერპლოზე მიიტანეს ზვარაკად.
არც მეფის უზომო სიყვარულს მოუგვრია მისთვის აღტაცება და შვება. კარგად ესმოდა მარიამ დედოფლისა და არ მიილტვოდა სხვის უბედურებაზე დამყარებული ბედნიერებისაკენ. მით უფრო, რომ სიყვარულზე მეტად ეზიზღებოდა და სძულდა მას მეფე. შურისძიება სწყუროდა შორენას გულს. ძმა არ ჰყავდა და თავად უნდოდა, მამის დაშრეტილ თვალთა სანაცვლოდ პასუხი მოეთხოვა გიორგისთვის.
პატრიოტიც იყო და შეიძლება, მრავალი ვაჟკაცის დარად, თავად შებმოდა მტერს სამშობლოს დასაცავად, მაგრამ ახლა სამაგიეროს გადახდის სურვილით დაბრმავებული, ვერ აცნობიერებდა, თუ რამდენად დამღუპველი შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ნაბიჯი ქვეყნისთვის. გულფიცხიც იყო და სიამაყეც საკმაოდ ჰქონდა ფხოველ ქალს, თავად მეფესთან შერკინებაც და შებრძოლებაც რომ გადაეწყვიტა.
მაგრამ ყველაზე მტკივნეული მისთვის, როგორც ქალისთვის, ის იყო, რომ უტა, როგორც ის კონსტანტინეს ეძახდა, მთელი სიცოცხლით იყო სვეტიცხოველზე შეყვარებული. გრძნობდა შორენა, როგორ ანელებდა მისადმი სიყვარული არსაკიძეს, მაგრამ იმასაც მიხვდა, კონსტანტინესთვის ქალის სიყვარული მხოლოდ მიწიერ სურვილთა ახდენას რომ მოიცავდა. ხელოვნებასა და სვეტიცხოველში კი ზეაღმატებულს ხედავდა. „მე ჩემი ხელოვნება სიცოცხლეზე მეტად შემყვარებია, ამიტომაც განწირული მაქვსო თავი“, – უთხრა კიდეც არსაკიძემ გულმოკლულ შორენას.
თუმცა გაუგებარია შორენასთვის ხელოვნებისადმი ასეთი ლტოლვა და თვითშეწირვა, მაგრამ ქალურ სიამაყეს არ მოუცავს მისი გული. არც გიორგი მეფის წინააღმდეგ წამოწყებულ შეთქმულებაში მონაწილეობა უთხოვია გულისსწორისთვის, რამეთუ კარგად იცოდა, თავადაც ვერ შეძლო ყველაფერი გაეწირა სიყვარულისთვის.
მას შემდეგ, რაც შორენასა და არსაკიძის სიყვარული გამჟღავნდა, „ბაგინეთის სადედო მონასტერში მონაზვნად აღკვეცეს კვეტარის ერისთავის, კოლონკელიძის ასული“.
ბედს შეეგუა. არც შეწინააღმდეგებია განაჩენს. აღარ ელოდა სიამტკბილობას ამ ცხოვრებისგან ნაადრევად გაჭაღარავებული, ჯერ კიდევ ნორჩი ასული.
როცა არსაკიძის მკლავის მოკვეთის ამბავი შეიტყო, არც უფიქრია სიცოცხლეგანაწამებს, ხელებგაშლილი გადაეშვა ნაპრალში და შეერწყა მარადისობას.
ძნელია, ინატრო ან არ გაითავისო შორენას ბედი. დიდგვაროვნებამ ვერაფერი შესძინა, სილამაზემ კი აუტანელ ტანჯვას აზიარა.
ქვეყნისა და ერის ერთგულ მსახურად და სიწმინდეთა დამცველად, ქართული ქრისტიანული სულის ჭეშამრიტ წინამძღოლად ნაწარმოებში გვევლინება მე3ლქისედეკ კათალიკოსი. ბაგრატ IIIის ერთგული მსახური გიორგი I–ის დროსაც ძველებურად სწევდა სულიერი წინამძღვრის ტვირთს. „რაღაც უჯიათი შეუმუსვრელობა გამოსჭვიოდა ხორცდაშრეტილი ბერის ჩონჩხადქცეული აღნაგობიდან.“
ლოცვით და მარხვით ცოცხლობდა მელქისედეკი. ერიდებოდა ხალხთან გამოჩენას, პატივი  და ფასი რომ არ დაჰკარვოდა მის სიტყვას. სწამდა, რომ მიჩვეული თვალი ნაკლებად ირწმუნებს და შეიმეცნებს რამეს. თუკი გამოჩნდებოდა, მხოლოდ მდაბიურად ჩაცმული.
საერთოდ, მელქისედეკი, ისე როგორც იმ დროის სასულიერო წოდების წარმომადგენელნი, აქტიურად ცდილობდა, ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკაში ჩარეულიყო. სურდა, მეფეზეც მოეხდინა გავლენა და თავისი მსტოვრების მეშვეობით სრულად აკონტროლებდა გიორგი I–ს.
არ ამართლებდა ხშირად მეფის პოლიტიკას, მის გულფიცხობას და სიმკაცრეს. შუამავლადაც გვევლინებოდა ხოლმე გიორგისა და მოღალატე ერისთავებს შორის, ძმათა სისხლისღვრა რომ აეცილებინა.
თუმცა უცოდველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჰქონდა შეცოდებანიც. ხალხის უმეცრებით სარგებლობდა და ათასი ჭორისა და სიცრუის საფუძველზე, ჯვართა წყრომის საბაბით, ცდილობდა, შიშით ქრისტიანულ საწყისებზე მოექცია ხალხი, რაც ერთგვარი მკერხელური და გაუმართლებელი ნაბიჯი იყო მისი მხრიდან. თუმცა თავად ის დარწმუნებული იყო, რომ ამით ერის სარწმუნოებრივ სიძლიერეს უყრიდა საფუძველს.
უფლის სიყვარულით ცხოვრობდა და მხოლოდ მის მორჩილებას აღიარებდა. მიაჩნდა, რომ ადამიანი არასდროს არ უნდა წავიდეს ღვთის ნების წინააღმდეგ, რითაც ხაზს უსვამდა არსაკიძის ერთგვარ სიჯიუტეს და მაგალითად ხშირად ასახელებდა ღმერთისა და იაკობის შერკინების ამბავს.
ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების მშენებლობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ერში ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებისთვის. საყურადღებოა, რომ მისი მეოხებით ჩაეყარა საფუძველი სვეტიცხოვლის ტაძარს.
სარწმუნოებრივი ერთობის გამო თვალი ეჭირა ბიზანტიისკენ, თუმცა სათანადოდ ვერ აფასებდა ბასილი კეისრის ფარულ და მისთვის შეუმეცნებელ პოლოტიკურ ზრახვებს. სჯეროდა, ერთმორწმუნეობა მხოლოდ კეთილი საქმეებისკენ უბიძგებდა კეისარს და არ მისცემდა იმის უფლებას, რომ ურჯულოთა საჯიჯგნად დაეგდო საქართველო.
სიძვასა და სიბილწეს სდევნიდა და არც სიყვარულის უძლეველობის სწამდა. ამიტომ იყო, სიტყვა რომ არ შეაწია სვეტიცხოვლის აღმშენებელ არსაკიძეს, შორენას საყვარლობა რომ დასწამეს ცილად და საქმის ვითარების გაურკვევლად ხელი შეუწყო ხუროთმოძღვრის მოკვდინებას.
ზნეობრივად სპეტაკ, სულიერად მტკიცე, ნებისყოფიან და ქრისტიანული რწმენით შეჯერებულ ერში ხედავდა მელქისედეკ კათალიკოსი ქვეყნის მომავალს, თუმცა ასეთი მკაცრი და შეუვალი დამოკიდებულებით ერთგვარ სიცივეს და უარყოფით მუხტს ჰგვრიდა ხალხს.
ადამიანის ამქვეყნიური ყოფა დროებითია, სტუმრები ვართ ამ წუთისოფელში, მიწა ვართ და მიწად ვიქცევით. მარადიული არაფერია დედამიწაზე. ადამიანის ყოფასაც უდევს ზღვარი. და თუ სიკვდილი გარდაუვალია, სჯობს პირნათელნი ვიყოთ ერისა და ქვეყნის, უფლის წინაშე სულის სიმშვიდის მოსაპოვებლად. მაგრამ არც არაფერია ამქვეყნად ერთნაირი, მით უფრო, ადამიანთა სულები არ ჰგვანან ერთმანეთს.
შეუძლებელია, ჩასწვდე ადამიანურ ზრახვებს, ფიქრებს, მისწრაფებებს. ყველას თავისი ხედვა აქვს, იდეები, სურვილები, მალულად რომ ასაზრდოებენ მათს სულიერ სამყაროს. ეს განსხვავება, სიკეთესთან ერთად ცუდის სათავედაც ქცეულა. შური, ღვარძლი, ბოღმა უკეთესის მიმართ ხშირად ისე აბოროტებს ადამიანს, რომ არად დაგიდევს ღირსებას, ზნეობას და ეშმას დაგებულ ხაფანგში თავისი ფეხით შეაბიჯებს. მხოლოდ ერთით ამართლებს თავის ყოფას, სანამ ვარ, უნდა ვიყო, ჩემს მერე თუნდაც ქვა– ქვაზე არ დარჩენილა. ასეთი ადამიანისთვის უცხოა სიყვარული, მეგობრობა, გმირობა, თავდადება. მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს ხვდება თავისი ყოფის უსუსურობასა და არარაობას, სიცარიელეს გრძნობს და სიკვდილიც აშინებს.
ბოღმამ შურისმაძიებელ კაცად აქცია ფარსმან სპარსი. სპარსიო, თორემ ისიც ქართველი გახლდათ, საქართველოში დაბადებული და გაზრდილი.
თუხარისის ციხის ჩარდახებზე დასდევდა ფარსმან ჩორჩანელი მტრედებს. „თექვსემტი წლის ფარსმანს საომარი ცხენი მიუჩინა პაპა სუმბატმა, თორი აჩუქა და მუზარადი, ხმალი, მშვილდი და საბრძოლო ქეიბურები.“ მისი მამა ბაქარი და პაპა სუმბატი მოღალატეობის გამო თავმოკვეთილ იქნენ ბაგრატ III–ის ბრძანებით. თავად ფარსმანი ტყვედ აიყვანეს, თუმცა მალევე გაიქცა. მთელი ცხოვრება იხეტიალა და იწამა. ტყავის გადასარჩენად ყველას ეკედლებოდა.
ბოლოს ქაიროს ჩავიდა, რჯული შიცვალა და აბუბაქრ–ისმაილ–იბნ–ალ–აშარი დაირქვა. აქ შეისწავლა ხუროთმოძღვრება, ალქიმია. ფარიკაობა და ჯამბაზობაც შეითვისა. ვარსკვლავთმრიცხველობასაც დაეუფლა და რკინისმკვეთელი ხმლის საიდუმლოებაც  ერთმა მან იცოდა მხოლოდ. თავისი ფარისევლური, პირფერული საქციელით და ნიჭის წყალობით ყოველთვის ნახულობდა სარგებელს. გიორგი I–მა ხუროთმოძღვართუხუცესობა უბოძა საქართველოში დაბრუნებულს.
ასეთმა ყოფამ, ბავშვობასა და სიყრმეში გადატანილმა ტკივილმა განაპირობა ისიც, რომ ფარსმანი უპრინციპო ადამიანად ჩამოყალიბდა. მისთვის არაფერი იყო ღირებული ამქვეყნად. ერთნაირად აღიარებდა ყველა რჯულს და ამავ დროს, ქრისტიანთან მუსლიმანობასა და იუდაიზმს აგინებდა და პირიქით, არავის რომ არ გაეგო, სინამდვილეში რა იყო მისთვის უმთავრესი, რა ედო საწყისად მის სულს.
ბევრი ხეტიალის შემდეგ მონატრებამ სამშობლოსკენ გამოაწევინა. თუმცა რა ჰქონდა სანუკვარი? არც სამშობლო გააჩნდა და ამიტომ იყო საქართველოში „უსამშობლოდ ქცეული“.
გახარებდეს სხვისი ტკივილი, გამოსარჩენს ელოდე სხვათა უბედურებისგან, ეს, გარდა ადამიანური ბოროტებისა, დიდ ტრაგიზმზეც მიუთითებს. ეს არის ამ ცხოვრებაში ხელმოცარული კაცის პოზიცია, რომელსაც შეეძლო, ყველაფრისთვის მიეღწია, ადამიანური ყოფით გამოსდგომოდა ვინმეს. გიორგი Iს არ უყვარდა ფარსმანი, მაგრამ ითმენდა იმის გამო, რომ ცეცხლისმკვეთელი ხმლების საიდუმლო იცოდა მან. არც სხვა აფასებდა ვინმე ფარსმანს, რადგან არაფერი იყო ისეთი, იმ უთვისტომო კაცის თვალს რომ გამორჩენოდა და ყველა ერიდებოდა მასთან ურთიერთობას. გამჭოლი თვალებით ყველაფერს აკვირდებოდა ფარსმანი. არც ცილისწამებას ერიდებოდა. ცდილობდა, სამაგიერო მიეზღო ყველასთვის თავისი გამწარებული ცხოვრების გამო. არც სიყვარულის სწამდა რამე. არც კაცთმოყვარე იყო. მისი პოლიტიკა პირად გამორჩენას ემყარებოდა ყველგან და ყოველთვის. „ეგებ დაილეწოს ეს ქვეყანა, ვარდო, ახალში მაინც მიმიწვევენ ხუროთმოძღვრად“, – ეს არის ფარსმანის გულის ამოძახილი, ის, რაც მთელ მის შინაგან სამყაროს წარმოაჩენს.
ბოღმა და ღვარძლი, რომელიც მის სულში ასე ჩაბუდებულიყო, არ აძლევდა იმის საშუალებას, შეექმნა რამე ღირებული, როგორც ხუროთმოძღვარს, რადგან ხელოვნება ადამიანის არსს წარმოაჩენს, მისწრაფებებს. მას არ ჰქონდა უნარი შესწიროდა ვინმეს ან რამეს. პირიქით, ის მზად იყო სხვათა სიცოცხლე მიეტანა ზვარაკად პირადი კეთილდღეობისთვის.
რისხვა და ბრაზი მოერია მის გულს, როცა ვიღაც ლაზს სვეტიცხოვლის ტაძრის მშენებლობა ანდო გიორგი Iმა, შემდეგ კი ხუროთმოძღვართუხუცესობა უბოძა.
როცა სვეტიცხოვლის მშვენება იხილა, მთლად დაებინდა თვალსაწიერი ფარსმანს. ვერ შეიცნო ხელოვნების მადლი. ეს ადამიანური სულის უსუსურობაა ერთგვარი. მით უფრო, თუ გრძნობ, რომ სილამაზე და მშვენიერება გაჯადოებს და ბოღმა კი გჯობნის. ბოღმა, რომელიც სხვა არფერია, თუ არა სხვის მხრებზე გადმონთხეული ზიზღი საკუთარი არარაობის გამო.
წამებით აღმოხდა სული ფარსმანს. თან გაიყოლა „ჯავარდნების წრთობის“ საიდუმლო.
თავისი ნიჭისა და გამჭრიახობის წყალობით, შეეძლო, სამშობლოს სათაყვანებელ შვილად ქცეულიყო, მაგრამ ორგულობა არჩია და მოღალატედ ეახლა უფალს.
იყო ადამიანი, ღვთის ნებაა, მაგრამ იყო პიროვნება, ეს დიდ ბედნიერებასთან ერთად მძიმე ტვირთი და განსაცდელია, მუდმივი ჭიდილია სინდისსა და უნამუსობას შორის. ნეტავი მას, ვისშიც გაიმარჯვებს ნათელი და დაითრგუნება ბნელი, სადაც იზეიმებს ზნეობა და ღირსება.
დასაბამიდან, რაც პირველი კაცთაგანი, ადამი, იშვა ღრმთის სახის დარად ამქვეყნად, ხოლო შემდეგ იმისი ნეკნიდან – მისივე მსგავსი, ევა, სიკეთით სავსენი და მადლის სახეიროდ სამოთხეს მოვლენილნი, სწორედ, მაშინ ჩაისახა ბრძოლა უფალსა და ეშმას შორის.
და ვერ შეძლო ადამის მოდგმამ ამქევყნიური სურვილების შეკავება. ვერადავერ ემსგავსა უფალს და იძლია მაშინ სიკეთე ბოროტებისაგან. რამდენი ვაი დატრიალდა მას შემდეგ დედამიწაზე, ისტორია ითვლის და ინახავს მათ. ლიტერატურამ კი ათასგვარი შუქჩრდილებითა და ფერადოვნებით გააცოცხლა გარდასული დღენი და ამქვეყნიურ ვნებებში დაფერფლილ ადამიანთა ცხოვრება.
კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენით“ ჩვენამდე მოვიდა განვლილი ეპოქის სუნთქვა, რაღაც განსაკუთრებული მაგიური სურნელი, რომელიც გატყვევებს რომანის წაკითხვიდან კარგა ხნის შემდეგაც კი. ოცნებებსა და ფიქრებში კვლავ  ამ გმირთა ლანდებს ეხები. სული გიშფოთს მათი ტკივილიანი და განწირული ბედის გამო. ამ ტრაგიზმით და აქტიური, შეურიგებლური თუ კონფლიქტური ხასიათის წყალობით იმსახურებენ ისინი მკითხველთა თანაგრძნობას. ბოროტებით აღსავსე გულით შესაძლებელია უკვდავყო საკუთარი პიროვნება, მაგრამ ვერ შეძლებ სიყვარულით დამკვიდრდე თანამედროვეთა თუ შთამომავალთა მეხსიერებაში,
სრულიად სხვაგვარ დამოკიდებულებას ამჟღავნებს ავტორი ქალისა და მამაკაცის სიყვარულის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს გრძნობა სავსებით ბუნებრივია ორივე სქესის ადამიანთა შორის და ამას რაღაც სხვა კუთხით არ აღიქვამს მწერალი, მაგრამ ნაწარმოებიდან გამომდინარე აშკარაა მისი პოზიცია, როცა ამბობს: „ . . .  ეროსი ზარმაცების ღვთაებაა . . . ეროსი . . .  მამაც მეფეებს დაალაჩრებს, თრიაქის სმასა და უსაზმო ლოთობას შეაჩვევს, ხოლო დიდოსტატებს . . .  მეჯადაგე ოსტატებს დაამსგავსებს და გაახელებს“.
სიყვარული საკუთრივ მორჩილებას მოითხოვს და არ დაგიდევს იმას, თუ ვინ არის მის ბადეში გაბმული. შეყვარებული ადამიანის გონება მხოლოდ თავისი ტრფობის საგნით არის დაკავებული და სხვა ამქვეყნიურ საქმეში ხელმოცარული რჩება. იქნებ ამის დასტურად გიორგი I-ისა და არსაკიძის, თუგინდ შორენას სიყვარულის ისტორიებიც გამოდგეს. მათ რომ სიყვარული სათაყვანებელი არსების მიმართ პირად ცხოვრებაში ყველაზე მაღლა დაეყენებინათ, პირველს ხელში გასხვისებული სამეფო, მეორეს ოცნებებსა და უსაქმურობაში გალეული ღამეები და მესამეს განწირული სიყვარული შერჩებოდა, რაც, ერთგვარად, საკუთარი პიროვნულობის  უსუსურობას აგრძნობინებდა მათ.
მაგრამ სიყვარულს მეორე მხარეც აქვს, მეორე პოლუსიც. ის იმდენ ძალას გაძლევს, იმდენ სურვილს, რომ მზად ხარ მთებიც კი გადააბრუნო, შეუძლებელი დაძლიო, ოღონდ კი სატრფოს თაყვანცემა იგრძნო. ხშირად სისხლის ღვრასაც კი არ ერიდები, რამეთუ იცი, რომ „სხვა რაღაა სიყვარული, თუ არა ღმერთი? ღმერთი კი არა სიკვდილი, რადგან მას დაუმკვიდრებია სიყვარული სამარადჟამოდ, ვისაც სიკვდილის საფასით შეუსყიდნია იგი“.
სიყვარული ზღვარი ყოფილა სიკვდილ-სიცოცხლეს შორის და მართლაც, რომანის გმირებმაც ხომ ამ ღმერთს ანაცვალეს სიცოცხლე საბოლოოდ.
მაგრამ უმთავრესი, რაც კონსტანტინე გამსახურდიამ ამ რომანით მოიტანა ჩვენამდე, შემოქმედების, შრომისა და ბრძოლის უკვდავყოფაა, რომლითაც ადამიანი თავად ეზიარება მარადისობას.
საკუთარ თავში იპოვო უნარი დაძლიო და გადალახო ნებისმიერი წინააღმდეგობა, გამოავლინო პირადი შესაძლებლობანი საგრძნობლად ზრდის პიროვნულ ღირსებას.
საერთოდ, ადამიანის ხასიათია ასეთი. მუდმივად იბრძვის ბუნებრივ ძალებთან და ცდილობს, კი არ დაემონოს მათ, პირიქით, სრულიად კომფორტულად იგრძნოს თავი მათზე გაბატონებული მდგომარეობის მოპოვების ხარჯზე. თუ სამყარო მარადიულია,  არანაკლებია სურვილი ადამიანისა, შეერწყას ამ მარადისობას.
„როცა ყველაფერს წვიმა წარხოცავს, როცა ყველა ხმას ქარი წაიღებს, სვეტიცხოველი შეიმატებს დიდებას კიდევაც. მართლაც და, სხვა რა ევალება ოსტატს, თუ არ წამიერის მარადიულად ქცევა? სხვა რა ევალება ამქვეყნად ოსტატს, თუ არ ჭიდილი წარმავლობის ნისლთან?“
ეს წარმავლობა ძლია არსაკიძემ სვეტიცხოვლის საშუალებით და ეზიარა მარადიულობას.
თუ ზოგს ვერ უგემია ამქვეყნიური ტრფობის ტკბილ-მწარე ან არ უვლია მარად უკვდავი ხელოვნების გზებით, სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ მსხვერპლად შეწირვია მამულს.
„დიდოსტატის მარჯვენაში“ ავტორის ტკივილია ნაჩვენები მუდმივ ბრძოლასა და დანაწევრების მოლოდინში მყოფი სამშობლოს გამო. ერთიანობისა და შეუვალობის აუცილებლობაზეც ტყუილად არ ლაპარაკობს მწერალი.
საქართველო უმთავრესია და ყველაფერზე მაღლა მდგომი. ყოველი ნაბიჯი ქვეყნის ძლიერებას უნდა მოხმარდეს და ყოველი წამი სამშობლოზე ზრუნვით უნდა გაიღოს. არც სიყვარულისთვის ცალია მაშინ ადამიანს და არც ხელოვნებისთვის, თუ თანამოძმეთა სისხლი მიწას რწყავს და მონობის უღელი სულს გიხუთავს.
ადამიანის ამქვეყნად მოსვლას და არსებობას მხოლოდ ქვეყნისა და ერისთვის სამსახური ამართლებს. შენი მრწამსით, რწმენითა და საკეთებლით ემსახურო სამშობლოს, დიდი მადლია ხელოვნებაშჲ მიმოქარგო ნატიფი სული, საუკუნეებს იქით გადატანილი უკვდავებაა პიროვნული. ამ ძნელ გზაზე ფარად და ლამპრად წინ გიძღოდეს სიყვარული და სატრფოს ხატება, ადამიანის განცდაა უნეტარესი.
ჩაივლის წლები. „დიდოსტატის მარჯვენა“ კი თაობებს გადასცდება, როგორც ადამიანური ენერგიისა და ღირსების უძლეველობის, მსხვერპლად გაღებული სიყვარულისა და სამშობლოს ტრფობით ჩაფერფლილ გულთა საგალობელი.


                                    გამოყენებული ლიტერატურა


1. ნ. ასათიანი, ვ. ჩაჩუა, მ. ლორთქიფანიძე, შ. მესხია
საქართველოს ისტორია, VIII-IX კლასების სახელმძღვანელო, 1988წელი
2. ლ. სანიკიძე - „უქარქაშო ხმლები“
3. ნ. გრიგალაშვილი - სკოლაშჲ შესასწავლი ქარეთვლი მწერლები, თბილისი, 1999წ

3 comments:

  1. უდიდესი მეფე!!! და როგორაა მისი ზნეობრივი სახე დამახინჯებული რომანში!..

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  3. რა კარგად გიწერია! ძალიან ვისიამოვნე,მადლობა.��

    ReplyDelete